ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ნატა ფერაძეს “გადადგომისკენ” მოუწოდებს

24 აგვისტო, 2016 • 2199
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ნატა ფერაძეს “გადადგომისკენ” მოუწოდებს

“თქვენ რომ გადადგეთ, არ შეიძლება?” – ამ რეპლიკით გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სამოქალაქო აქტივისტის ნატა ფერაძის განცხადებას, რომელიც ქალაქში ხეების ჭრის გამო მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

დღეს, 24 აგვისტოს, თბილისის მერიაში გამართული შეხვედრა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. გარემოს დამცველები გამწავნების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ, თუმცა დედაქალაქის ხელისუფლება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში დატოვებს თანამდებობას და აგებს პასუხს, თუ გარემოს დამცველები დადებენ რაიმე დასკვნას გამწვანების სამსახურის მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ.

თბილისის მერიაში შეხვედრა გამწვანების რეგულაციების თემაზე მიმდინარეობდა, რომელსაც ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. მერიის მიერ შეხვედრაზე მიწვეული სპეციალისტების ნაწილი ამტკიცებდა, რომ გლობალური დათბობის გამო ფუჭდება ხეები, რის გამოც საჭიროა მათი მოჭრა.

გარემოს დამცველებმა თბილისის მერიის მიერ მიყვანილ სპეციალისტებს “გამპრავებლები” უწოდეს და შეხვედრა ხმაურიანად გაგრძელდა. დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115–ის წევრ ირაკლი კუპრაძეს. დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.

სამოქალაქო აქტივისტები და გარემოს დამცველები დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, ბოდიში მოუხადოს ირაკლი კუპრაძეს. ასევე, მოითხოვენ, რომ დედაქალაქის მერმა დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რომლის გამოც თბილისის მერიასთან 17 აგვისტოდან საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს.

პარტიზანული მებაღეობა მანამდე აპირებს საპროტესტო აქციების გაგრძელებას, სანამ გამწვანების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე არ დატოვებენ თანამდებობებს. 17 აგვისტოდან თბილისის მერიასთან ნატა ფერაძე შიმშილობდა. მეშვიდე დღეს გარემოს დამცველის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, რის შემდეგაც შიმშილობა პარტიზანული მებაღეობის კიდევ ერთმა აქტივისტმა ელენე მალაშევსკი–ჯაყელმა დაიწყო. ელენე დღეს რამდენჯერმე გახდა შეუძლოდ, თუმცა სამედიცინო პერსონალის ჩარევის შემდეგ შიმშილობას აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი