აშშ–ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრის ბრედ შერმანის წერილობით განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია მიესალმება და მხარს უჭერს სამცხე–ჯავახეთის რეგიონისთვის დახმარების პროგრამების განხორცილებას. ნათქვამია ამერიკის სომხური ნაციონალური კომიტეტის (ANCA) განცხადებაში.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური სააგენტო news.am ავრცელებს.
სახელმწიფო მდივანმა პასუხში აღნიშნა, რომ აშშ–ს მთავრობამ, ათასწლეულის გამოწვევის პროგრამით, თბილისი სამცხე–ჯავახეთის დამაკავშირებელი 222 კილომეტრიანი მთავარი გზის რეაბილიტაცია განახორციელა, იმ მიზნით რომ გაიზარდოს რეგიონის ეკონომიკური განვითარება და მოხდეს აგრო–პროდუქტის ექსპორტი.
კლინტონმა ასევე ჩამოთვალა ის დარგები, რომელიც აშშ–ს მხრიდან დახმარების მთავარი პრიორიტეტი იქნება. მათ შორის არის საფერმერო და საკალმახე მეურნეობა, კარტოფილის წარმოება, რძის გადამუშავებისა და მეფუტკრეობის დარგები. ასევე დახმარებები გამოიყოფა კერძო სექტორისთვის, ტურიზმში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობის მიზნით.
შეგახსენებთ, მარტში კონგრესმენმა ბრედ შერმანმა ხაზი გაუსვა საქართველოს სომხებით დასახლებული რეგიონში (სამცხე–ჯავახეთი) ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გაფართოებას. ეს განცხადება მან საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 2013 წლის ბიუჯეტი განიხილა.
USAID–ის ხელმძღვანელისადმი მიმართვაში შერმანმა ხაზი გაუსვა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომლის წინაშეც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი დგას და აღნიშნა, რომ საჭიროა USAID–მა, სომხურ–ამერიკულ საზოგადოებასთან ერთად, ყურადღება გაამახვილოს მიზნობრივ დახმარებაზე, რომელიც ჯავახეთის რეგიონისკენ იქნება მიმართული.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა (USAID) რავიჯ შაჰმა აღნიშნა, რომ საქართველოში, კონკრეტულად კი, სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ისინი მიზანმიმართული პროგრამებით მუშაობენ, რომელიც ეხება სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციას, სოციალურ განვითარებას, დედათა ჯანმრთელობას, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.
ამავე თემაზე:
კონგრესმენი USAID–ს სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მიზანმიმართულ დახმარებაზე მოუწოდებს