ახალი ამბები

გზაზე, რომლის დაგებაც 5 თვის წინ დასრულდა და 12 მლნ დაჯდა, ასფალტი დასკდა – რადიო “ნორი”

4 აგვისტო, 2020 • 1397
გზაზე, რომლის დაგებაც 5 თვის წინ დასრულდა და 12 მლნ დაჯდა, ასფალტი დასკდა – რადიო “ნორი”

სამცხე-ჯავახეთში, გორელოვკა-ბავრის გზაზე, რომლის დაგებაც 5 თვის წინ დასრულდა, ასფალტი დაიბზარა. გზის საფარის დაზიანების ამსახველ ფოტომასალას ადგილობრივი რადიო “ნორი” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გზის სარემონტო სამუშოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და დასრულებიდან ხუთ თვეში ასფალტი დასკდა. საუბარია საგზაო მონაკვეთზე, რომელიც სოფელ ორლოვკას სომხეთის საზღვართან აკავშირებს. ბზარები ასფალტზე სოფელ ჟდანოვაკანთან გაჩნდა. დაბზარულია ჟდანოვაკანის ხიდზე გამავალი გზის მონაკვეთიც.

აღნიშნული მონაკვეთის მოასფალტება 2019 წლის ნოემბერში დასრულდა. რადიო “ნორი” წერს, რომ აღნიშნული გზით სარგებლობენ როგორც მსუბუქი, ასევე, სატვირთო ავტომობილები.

გამოცემა წერს, რომ ორწლიანი პროექტის 12-მილიონიან ტენდერში კომპანია “საქმილსადენმშენმა” (ს/კ: 221267064) გაიმარჯვა და 14 კილომეტრ-ნახევრიან მონაკვეთს ეხებოდა.

როგორც რადიო “ნორი” წერს, პროექტში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო როგორც მკაცრი კლიმატური პირობები, ასევე, გამძლეობის რესურსიც, რადგან ორი ქვეყნის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილები იმოძრავებდნენ. კომპანიას კი, თავის მხრივ, ორი წლის განმავლობაში მონიტორინგი ევალებოდა შესრულებულ სამუშაოზე .

2018 წელს რადიო “ნორისთვის” მიცემულ ინტერვიუში კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში აღნიშნული კომპონენტები გაითვალისწინეს, გზის დაზიანების შემთხვევაში კი მის შეკეთებას საკუთრ თავზე იღებდნენ.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი “ნორთან” ამბობდა, რომ გზის საექსპლუატაციო ვადა 5-10 წელი იქნებოდა.

“ნეტგაზეთი” აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია როგორც გზის დეპარტამენტი, ასევე, პროექტის შემსრულებელი კომპანია. სამინისტროში აცხადებენ, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში დაზიანებულ მონაკვეთს იგივე კომპანია აღადგენს და ამისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები არ დაიხარჯება.

რაც შეეხება გზის დაზიანების მიზეზებს, სამინისტროში ამას მკაცრ კლიმატურ პირობებს უკავშირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი