ახალი ამბები

ახალქალაქში სასწრაფოს 13 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

20 ოქტომბერი, 2020 • 970
ახალქალაქში სასწრაფოს 13 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილების 13 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

თავდაპირველად 12 თანამშრომლების ინფიცირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტო Jnews-მა 19 ოქტომბერს, გვიან საღამოს.

როგორც მათთან საუბარში თქვა სასწრფო სამედიცინო დახმარების განყოფილების მენეჯერმა, ერემ ეზოიანმა, ახალქალაქის სასწრაფო დახმარებაში „ახლა არავინ არ მუშაობს“.

20 ოქტომბრის დილას „ნეტგაზეთს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში უთხრეს, რომ, ჯამში, 13 თანამშრომლის ინფიცირების შემდეგ, ახალქალაქის სასწრაფოს დახმარების განყოფილებისთვის დამატებითი ეკიპაჟია მობილიზებული ნინოწმინდიდან, საჭიროების შემთხვევაში კი სხვა რაიონებიც დაეხმარებიან.

ცენტრის ცნობითვე, 13 ინფიცირებულის კონტაქტებიც მოძიებულია და ისინი იზოლაციასა და კარანტინში იმყოფებიან.

Jnews-ის ცნობით, ერთ-ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა და გადაყვანილია თბილისში.

მთავრობის საიტის, StopCov.ge-ს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 18663
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8338
  • მათ შორის გარდაცვლილი – 143
  • კარანტინის რეჟიმში – 6407
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2862
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1420
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მასალების გადაბეჭდვის წესი