ახალი ამბები

TI: ნინოწმინდის რაგბის გუნდს, რომელსაც მოთამაშე არასდროს ჰყოლია, 4 წელში 130 ათასი გადაურიცხეს

18 მაისი, 2021 • 1429
TI: ნინოწმინდის რაგბის გუნდს, რომელსაც მოთამაშე  არასდროს ჰყოლია, 4 წელში 130 ათასი გადაურიცხეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”(TI) ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტები “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის აშენებულ სარაგბო ბაზას აფინანსებენ.

ორგანიზაციის ცნობით, ფონდმა „ქართუმ“ 2012-2013 წლებში მოაწყო ასპინძის სარაგბო ბაზა, რომელსაც ფლობს შპს “რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R-15”. ამ შპს-ს ორივე დამფუძნებელი – ააიპ “რაგბის მხარდამჭერთა ლიგა” (20%) და ააიპ “ასოციაცია ატუ” (80%) პირდაპირ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთანაც და პარტია „ქართულ ოცნებასთან”.

TI-ს ინფორმაციით, ამ ორგანიზაციებმა 2013-2020 წლებში 45 სახელმწიფო შესყიდვიდან 3 984 317 ლარი მიიღეს, მათმა დამფუძნებლებმა კი „ქართულ ოცნებას” და მის მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში, 376 200 ლარი შესწირეს.

“ასპინძის სარაგბო ბაზის ფინანსურ მხარდაჭერა მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებმა იკისრეს. 2016 წელს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბი ტაო“ დააფუძნეს და სარაგბო ბაზის საბიუჯეტო დაფინანსების სქემა შექმნეს. მუნიციპალიტეტებმა  ამ ააიპ-ს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან,  2016-2020 წლებში, ჯამში,  1 171 861 ლარი გადაურიცხეს”, — აცხადებს TI.

TI-ს ინფორმაციით, 2016 წელს ააიპ “სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ ტაოს” დაფუძნების ინიციატივით ასპინძის მაშინდელი მერი და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ლევან ცაბაძე (ლეონსიო) გამოვიდა.  ორგანიზაციის განცხადებით, მას შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან (ახალქალაქი 2017 წლიდან შეურთდა), ააიპ-სთვის გამოყოფილი თანხა ათასობით ლარით იზრდება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, “ტაოს” ძირითადი გუნდი პირველ ლიგაში თამაშობს. მას ჰყავს ჭაბუკთა გუნდებიც.

მათივე ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან ნინოწმინდას არცერთ ასაკობრივ გუნდში მოთამაშე არასდროს ჰყოლია და მიუხედავად ამისა, ააიპ-ს 2016-2020 წლებში 130 000 ლარი გადაურიცხა.

მათივე ინფორმაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ჭაბუკთა გუნდში  2018 და 2020 წელს თითო-თითო, 2019 წელს კი 2 მოთამაშე ჰყავდა, თუმცა ბიუჯეტიდან თანხას 2017 წლიდან რიცხავს და, ჯამში, „ტაოს“ 190 000 ლარი გადაუხადა.

“ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში, ჯამში, მხოლოდ 3 ახალგაზრდისთვის  55 000-55 000 ათასი ლარი გამოყო. შედარებისთვის, ამავე წლებში ახალქალაქის ბიუჯეტში ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვისთვის  40 000 და 45 000 ლარია გაწერილი, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის ფასიანი სწავლების დაფინანსებაზე – 45 000 ლარი, მედიკამენტების შეძენაზე – 40 000 ლარი,  მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე კი – 49 000 ლარი.

ააიპ „ტაომ“ 2016-2021 წლებში 9 ტენდერი გამოაცხადა სპორტული შეკრებების დროს მონაწილეების სასტუმროში დაბინავებასა და კვებით უზრუნველყოფაზე. ცხრავე სატენდერო პირობებში წერია, რომ სასტუმრო უნდა იყოს არაუმეტეს 15 კილომეტრის რადიუსში, უნდა ჰქონდეს სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო მოედანი/მოედნები, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი ფიტნეს-დარბაზი, ყინულის აუზი, საშხაპე და გასახდელი  და შემსყიდველმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეების მოედნამდე ტრანსპორტირება.

რეგიონში ამ პირობებს  მხოლოდ ასპინძის რაგბის ბაზა აკმაყოფილებს. შესაბამისად, ყველა ტენდერს  მისი მფლობელი – შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანსი R -15“ უკონკურენტოდ იგებს. მას კონკურენტი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა და მასაც დისკვალიფიკაცია მიანიჭეს. ჯამურად,  შპს “რაგბის მხარდამჭერთა ალიანსმა R-15”-მა მოგებული ტენდერებისთვის 326 892 ლარი მიიღო”, — აცხადებს TI.

შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R -15-ის“ ტენდერები

ორგანიზაციის ინფორმაციით, ააიპ “სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ ტაოს” პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე შპს “რაგბის მხარდამჭერთა ალიანსის R-15”-ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორია და  შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-ს“ , ააიპ „სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ ტაოს“ გარდა, სხვა ტენდერებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. TI-ს განცხადებით, მას ზუსტად იმ თანხაზე უფორმებენ ხელშეკრულებებს, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა.  მათივე თქმით, გამონაკლისი მხოლოდ ერთი ტენდერია, როცა მან რეგიონულ ააიპ-ს მომსახურება 233 ლარით ნაკლებად შესთავაზა.

“მუნიციპალური ორგანიზაციები შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15”-ს  პირდაპირ შესყიდვებსაც უფორმებენ. კომპანიამ 2015-2020 წლებში 13 პირდაპირი შესყიდვით 48 108 ლარი მიიღო. შემსყიდველთა შორისაა ასპინძის მერია და მისი  ააიპ “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრი”.

აღსანიშნავია, რომ შპს „რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-ის“ მენეჯერი,  2014-2017 წლებში ასპინძის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და 2017-2021 წლებში ასპინძის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის ანა ტივაძის დედაა. ვიდრე, ანა ტივაძე თვითმმართველობაში თანამდებობაზე დაინიშნებოდა, შპს-ში აღნიშნული პოზიცია თავად ეკავა“, — აცხადებს TI.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოს“ მიაჩნია, რომ სპორტის განვითარება და მისი პოპულარიზება ახალგაზრდებში მნიშვნელოვანია, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუწყოს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას.

“ამიტომ მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს,  შეისწავლონ  შპს  „რაგბის მხარდამჭერთა ალიანს R-15-სა“ და ააიპ „სამცხე-ჯავახეთის სარაგბო კლუბ ტაოს“ ტენდერები, ასევე, ამავე შპს-თან და ააიპ „ასოციაცია ატუსთან“ მუნიციპალური ორგანიზაციების მიერ გაფორმებული პირდაპირი შესყიდვები და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, იმოქმედონ კანონის შესაბამისად”,  – აცხადებს ორგანიზაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი