სამართლის დოქტორი ალექსანდრე ჩხიტაური თსუ–ის კანცლერობის კანდიდატია

სამართლის დოქტორი ალექსანდრე ჩხიტაური აცხადებს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. თსუ–ში განვითარებული მოვლენებზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის არჩევნებიზე და სამომავლო გეგმებზე მან 19 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“სურვილი მაქვს, კვლავ მივიღო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობა. ის პრობლემები, რომლებსაც საუნივერსიტეტო მმართველობა აყენებს, რომ არ არის გამჭირვალობა და არის კლანური მმართველობა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, აღმოიფხვრას უნივერსიტეტში. აღმოიფხვრას იმ საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან და სტუდენტობასთან თანამშრომლობით, რომლებიც ამ პრობლემებს აყენებენ,”- განაცხადა ალექსანდრე ჩხიტაურმა პრესკონფერენციაზე.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ეთანხმება თუ არა “აუდიტორია 115”-ის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, ჩხიტაური აღნიშნავს, რომ ძირითად ნაწილში მოთხოვნებს ეთანხმება, თუმცა მათ მოთხოვნას თვითმმართველობის გაუქმებასთან დაკავშირებით “მკაცრ ნათქვამად” მიიჩნევს. თსუ–ის სამართლის დოქტორი თვლის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა დისკუსია და შეთანმხების მიღწევა “აუდიტორია 115”-სა და თვითმმართველობას შორის.

ალექსანდრე ჩხიტაური ასევე გამორიცხავს უნივერსიტეტის ჯგუფებს შორის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ აზრს:

“საუბარი იყო, თითქოს სტუდენტური ჯგუფები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პირადად მე ამას გამოვრიცხავ იმიტომ, რომ სტუდენტები ერთი საერთო პრობლემის გარშემო იყვნენ გაერთიანებული, ხოლო ეს დაპირისპირება ალბათ უკვე სხვადასხვა ძალების მიერ იქნა ინსპირირებული.”

ჩხიტაურმა “ნეტგაზეთთან” ასევე ისაუბრა უშიშროების საკითხში ოფიცრების, ანუ ე.წ. ოდეერების შესახებ. მისი აზრით, გარკვეულ, კონკრეტულ შემთხვევებში გამართლებულია მათი არსებობა საუნივერსიტეტო სივრცეში:

“თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ უნივერსიტეტს ემუქრება საფრთხეები, კონკრეტულ შემთხვევებში ვამართლებ მათ. მაგრამ თუ ეს წარმომადგენლები ერევიან უნივერსიტეტის საკადრო პოლიტიკაში, ერევიან უნივერსიტეტის ბიუჯეტის მართვაში, ან ერევიან გარკვეულ პროცესებში, ეს გაუმართლებელია. საუნივერისტეტო სივრცეში მსგავსი სახის ინსტიტუტების არსებობა დაუშვებელია.”

თსუ–ის კანცლერობის კანდიდატი მთავარ მიზნად ასახელებს მოცემული პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში უკვე წლების განმავლობაში არსებობს. მისი აზრით, სტუდენტების მოთხოვნები ნელ-ნელა კმაყოფილდება და “კალაპოტში დგება”.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალების შემსრულებელი ამ დრომდე ყოფილი კანცლერის მოადგილე, ერმი ქემოკლიძეა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე არჩევნები უკვე მესამედ ტარდება. პირველი არჩევნები ჩაიშალა, მეორედ დანიშვნის შემდეგ კი ხმების საკმარისი რაოდენობა კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს.

“აუდიტორია 115” თვითმმართველობის რეორგანიზაციას ითხოვს, რაც ალექსანდრე ჩხიტაურისთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენს. სტუდენტური გაერთიანება მოითხოვს, რომ შეიცვალოს კანცლერის, რექტორის, წარმომადგენლობითი საბჭოსა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი; მოხდეს უნივერსიტეტის მართვის დემოკრატიზაცია. სტუდენტები საუნივერსიტეტო სივრცის ე.წ. ოდეერებისგან გათავისუფლებას მოითხოვენ, თუმცა ამ საკითხის მიმართ მათ შეხედულებას არ იზიარებს თსუ–ის სამართლის დოქტორი. ჩხიტაური გარკვეულ შემთხვევებში საუნივერსიტეტო სივრცეში “ოდეერების” არსებობას ამართლებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ათინა ბრეგვაძე, სტაჟიორი