ახალი ამბები

დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიელი პოლიციელის დაკავებას ითხოვენ

13 აგვისტო, 2016 • 2513
დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიელი პოლიციელის დაკავებას ითხოვენ

22 წლის დემურ სტურუა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კულაშში დღეს დაკრძალეს. დაკრძალვამდე სტურუას ცხედარი ახლობლებმა რამდენიმე წუთით სამტრედიის პოლიციის შენობასთან დაასვენეს და იმ პოლიციელის დაკავებას ითხოვდნენ, რომელსაც შესაძლოა ბრალი მიუძღვის მის თვითმკვლელობამდე მიყვანაში.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ პოლიციის მხრიდან სავარაუდო ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო. წერილში, რომელიც მან თვითმკვლელობამდე დატოვა, წერია, რომ პოლიციელი გ. თ. მას სთხოვდა, მიეწოდებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: დაფნარში, კულაშსა და საჯავახოში.

დღეს, როდესაც დემურ სტურუას ოჯახის წევრები სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და წერილში დასახელებული პოლიციელის დასჯა მოითხოვეს, პოლიციის თანამშრომელმა მათ უპასუხა :“არაერთხელ გაჟღერდა, რომ [პოლიციელი] გათავისუფლებულია თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე … აქ არაფერი გესაქმებათ”.

პოლიციელმა, რომელსაც დემურ სტურუა წერილში ასახელებს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა აწარმოებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით [საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით].

დემურ სტურუას ნათესავები ამბობენ, რომ მათ პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნა არ აკმაყოფილებთ და მის დაკავებას ითხოვენ. როგორც სტურუა სიკვდილამდე დაწერილ წერილში წერს, პოლიციელმა იგი წაიყვანა სოფელ იანეთში, სცემა და დაემუქრა, რომ ისეთ დანაშაულს დააბრალებდა, რომელიც მას ჩადენილი არ ჰქონდა.

სტურუას ნათესავები ასევე ამბობენ, რომ გ.თ-ს იმ ღამეს, როდესაც დემურ სტურუას დაემუქრა, კიდევ ერთი პოლიციელი ახლდა. მათივე ინფორმაციით, გამოძიება მეორე სამართალდამცავის ვინაობას მალავს.

როგორც ადამიანის უფლებათა აქტივისტები ამბობენ, ადამიანებს სამტრედიაში დღესაც აშანტაჟებენ და შესაძლოა სოფელში თანამშრომლობას მხოლოდ დემურ სტურუას არ აიძულებდნენ. მათივე ინფორმაციით, პოლიცია თვითმკვლელობის ღამეს წერილის გადამალვას ცდილობდა.

“მთელი სოფელი შანტაჟში ყავთ, ნარკოლოგიურებში ისევ ასმევენ შარდმდენებს, ურტყამენ, პოლიციას თითქმის დამუშავებული ჰყავდა ვიღაცები წერილის გაქრობაზე, მთელი სოფელი პრობაციაზეა”, – დაწერა “ფეისბუკზე” აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა, რომელიც დღეს თვითონაც იმყოფებოდა სამტრედიაში. 

დემურ სტურუას დაღუპვის ფაქტს 13 აგვისტოს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და განაცხადა, რომ სტურუას გარდაცვალების გამოძიების მიმდინარეობას პირადად გააკონტროლებს. “არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ხელს არავის დააფარებს. მეც პირადად გავაკონტროლებ გამოძიების მიმდინარეობს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე”: გამოძიებიდან ერთი წლის შემდეგაც უცნობია ლევან აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი

მასალების გადაბეჭდვის წესი