ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, კახა მიქაიას, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს, 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მიქაია “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესის შემდეგ დააკავეს. ჩაჩიბაია 25 მარტს ზუგდიდში დააკავეს და მას ბრალი ცივი იარაღის ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით წაუყენეს. ზუგდიდის რაიონული სასამართრლოს გადაწყვეტილებით, ჩაჩიბაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, რის შემდეგაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, კახა მიქაიამ მოსამართლე ირაკლი აბშილავას “ახალაიას მონა” უწოდა.
livepress.ge-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ კახა მიქაიამ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი:
„მიქაია იგინებოდა და არღვევდა გრიგოლ ქობალიას ქუჩის მცხოვრებთა სიმშვიდეს. პოლიციამ მას მოუწოდა წესრიგის დაცვისკენ, მაგრამ მიქაია არ დაემორჩილა“.
თავად კახა მიქაიამ კი განაცხადა, რომ ის სასამართლოს წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, როცა მას პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ, იდგა თეა წულუკიანის გვერდით და ხელში ეჭირა მეგაფონი. დაკავების დროს მას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ოპოზიციის წარმომადგენლები ჩაჩიბაიასა და მიქაიას დაკავებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ.