ახალი ამბები

გაჩეჩილაძე: ქორწინების შესახებ კონსტიტუციური ცვლილებით რუსულ პროპაგანდას გზა გადაეკეტებოდა

12 აგვისტო, 2016 • 1491
გაჩეჩილაძე: ქორწინების შესახებ კონსტიტუციური ცვლილებით რუსულ პროპაგანდას გზა გადაეკეტებოდა

“მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ვინც ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნას ეწინააღმდეგება, “რუსეთზე მუშაობს”. მისი თქმით, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანით რუსულ პროპაგანდას გზა გადაეკეტებოდა.

“ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეს საკითხი და ეს რუსული პროპაგანდა მოისპოს, სწორედ ისინი მუშაობენ რუსებზე”, – განაცხადა დღეს, 12 აგვისტოს, გია გაჩეჩილაძემ სააგენტო “პირველის” პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას.

სარეფერენდუმო წინადადება, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა ცესკოში 12 ივლისს წარადგინა, შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“. საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას 200 ათასზე მეტი ხელმოწერა ჰქონდა.

“ცესკომ” 30 ივლისს განაცხადა, რომ საინიციატივი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალები აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რეფერენდუმის მოწყობის შესახებ მოთხოვნა პრეზიდენტს გადაუგზავნეს. გიორგი მარგველაშვილმა კი გადაწყვიტა, რეფერენდუმი არ დანიშნულიყო.

“საქართველოს მწვანეთა პარტიის” ლიდერი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, არ დაინიშნოს რეფერენდუმი ქორწინების საკითხზე, “ძალიან უცნაურად” აფასებს:

“ეს პოზიცია ჩემთვის აუხსნელია. ჩვენ რომ ეს ცვლილება კონტიტუციაში შეგვეტანა, ამით რუსულ პროპაგანდას გზას გადავუკეტავდით”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ. 

“თვითონ ევროკავშირის ტერიტორიაზე უმრავლეს ქვეყნებს, შესაძლოა, კონსტიტუციაში არ უწერიათ, მაგრამ კანონმდებლობაში უწერიათ, რომ ეს აკრძალულია მათ ტერიტორიაზე. ყველაზე სასაცილო და უცნაური არის ის, რომ რუსებს არა აქვთ კონსტიტუციაში ჩაწერილი ეს ამბავი. რუსეთში არის თვითონ სერიოზული მოძრაობა ამ თვალსაზრისით. მე ვნახე ბოლო გამოკითხვები პეტერბურგისა და ლენინგრადის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ – რუსეთის ამ დიდი ქალაქების მოსახლეობის მესამედი უჭერს მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას. წარმოიდგინეთ, იქ რა ხდება. უნდა გითხრათ, რომ ძირითადი საკითხი აქ რუსული მიმართულების საკითხი რა არის: რუსეთმა შემოაგდო ეს თემა იმისათვის, რომ დასავლური ორიენტაციის დისკრედიტაცია მოხდეს. ამიტომ, ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეს საკითხი და ეს რუსული პროპაგანდა მოისპოს, სწორედ ისინი მუშაობენ რუსებზე”, – ასე ხსნის გია გაჩეჩილაძე თავის განცხადებას. 

გია გაჩეჩილაძის თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ საკონსტიტუციო ცვლილების მომხრეა: “როდესაც საზოგადოებას ვეკითხებოდით, როგორი პოზიცია ჰქონდათ, ერთ ხელს კი არ სწევდნენ, ორი ხელით ეთანხმებოდნენ, რომ ეს ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს კონსტიტუციაში”.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმაც განიხილა. კანონპროექტის მიზანი კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის “უფრო მკაფიო ფორმულირება” იყო: მათი მოთხოვნის თანახმად, “ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.”

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლებოდა, თუკი მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერდა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი. თუმცა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

გაჩეჩილაძე განმარტავს, თუ რატომ ვერ შეგროვდა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 113 ხმა: “ამის მიზეზი იყო ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ საკითხს მხარი არ დაუჭირა. რესპუბლიკურ პარტიასაც, იცით, როგორი პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. უმრავლესობაში სულ 86 ადამიანია, მათ შორის რესპუბლიკელები უარს ამბობდნენ და ამ უმრავლესობამ “ვერ გაქაჩა”, – უთხრა ჟურნალისტებს “მწვანეების” ლიდერმა.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევდა საერთაშორისო, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინტერნეიშენალი”. ორგანიზაციის აზრით, კანონპროექტის მიღება სამომავლოდ ერთნაირსქესიან წყვილებს შორის ქორწინების აკრძალვის საფრთხეს ზრდის.

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება არ აქვთ, მაგრამ, “ამნესტის” შეფასებით, კონსტიტუციით მსგავსი აკრძალვა სიტუაციას გაამწვავებს და გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება კანონიერი შეიძლება იყოს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი ამ ეტაპზე მსოფლიოში წარმოქმნილ ცვლილების ტალღას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით ქორწინების უფლება ყველას თანასწორად აქვს.

როგორც გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, მას ძალიან გაუკვირდა პრეზიდენტის მხრიდან ამ საკითხზე წინააღმდეგობის გაწევა: “მან, როგორც ჩანს, ღრმად არ ჩაიხედა ამ პროცესებში. მას რომ მიეცა საშუალება რეფერენდუმისა და ალბათ 99.9%-ით გავიდოდა ეს საკითხი, რუსული პროპაგანდის საშუალება მოისპობოდა საქართველოში. ამაშია პოლიტიკური შეცდომა საქართველოს პრეზიდენტის”, – ამბობს “მწვანეების” ლიდერი.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს, გია გაჩეჩილაძე საინიციატივო ჯგუფს არ უერთდება მარგველაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების პროცესში. ყველამ თავისი, კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა უნდა დაამთავროსო, თქვა გაჩეჩილაძემ და დასძინა: “არ შეიძლება ეს რევოლუციები, გადაგდებები, გადმოგდებები”.

როგორც დღეს, 12 აგვისტოს, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, “მწვანეები” 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნების” საარჩევნო სიით მიიღებენ მონაწილეობას. იქვე გაჩეჩილაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართული ოცნება უმრავლესობით შევა პარლამენტში:

“მე იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება აიღებს ძალიან სერიოზულ უმრავლესობას. შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღოს, მაგრამ ძალიან მიუახლოვდება. ამას აჩვენებს კვლევები. პროპორციულ სიას მაჟორიტარების რაოდენობაც დაემატება. იმედი მაქვს, რომ იქ შევა კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ამას [კონსტიტუციურ ცვლილებას ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით] მხარს დაუჭერს, ანუ იქნება თემატური თანამშრომლობა და ასე მოგვარდება ეს საკითხი”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი