ახალი ამბებისაზოგადოება

Amnesty International საქართველოს მოუწოდებს, შეაჩეროს კანონპროექტი ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების აკრძალვაზე

19 მარტი, 2016 • 1435
Amnesty International საქართველოს მოუწოდებს, შეაჩეროს კანონპროექტი ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების აკრძალვაზე

“ამნესთი ინთერნეიშენალი” საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევს. ორგანიზაციის აზრით, ეს სამომავლოდ ერთნაირსქესიან წყვილებს შორის ქორწინების აკრძალვის საფრთხეს ზრდის.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელი ცვლილება კონსტიტუციაში დისკრიმინაციულია LGBTI თემის მიმართ და მათ უფლებას ართმევს,  გაიზიარონ სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებული ყველა სოციალური უფლება და სიკეთე.

“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების უფლება არ აქვთ, მაგრამ კონსტიტუციით მსგავსი აკრძალვა სიტუაციას გაამწვავებს და თავიდან აიცილებს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდება,” – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ინიცირებული კანონპროექტი ამ ეტაპზე მსოფლიოში წარმოქმნილ ცვლილების ტალღას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვით ქორწინების უფლება ყველას თანასწორად აქვს.

ორგანიზაციის აზრით, ცვლილება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობას გააუარესებს.

“ამნესთი ინთერნეიშენალი” მოუწოდებს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, ხმა აიმაღლონ მოსალოდნელი ცვლილების წინააღმდეგ. დაიწყონ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება და მოუწოდონ პარტია “ქართულ ოცნებას”,  უარი თქვას საკუთარ ინიციატივაზე. ასევე, მოუწოდონ სახელმწიფო პირებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს განურჩევლად მათი სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა.

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

საკონსტიტუციო ცვლილებებს კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი  “რესპუბლიკური პარტია” მხარს არ უჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის აზრით, ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პოლიტიკური შეცდომაა .

კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200000 ამომრჩეველს.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი