ახალი ამბები

პრეზიდენტი რეფერენდუმს არ დანიშნავს ქორწინების საკითხზე

9 აგვისტო, 2016 • 2584
პრეზიდენტი რეფერენდუმს არ დანიშნავს ქორწინების საკითხზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ არ დანიშნავს რეფერნდუმს ქორწინების განსაზღვრის საკითხზე, რაზეც ცესკომ მიმართა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს საინიციატივო ჯგუფმა მიმართა 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერის მქონე მოთხოვნით.

“კანონში გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონით რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოში რეფერენდუმი ბოლოს 2003 წელს ჩატარდა, რომლის საფუძველზეც შეიცვალა პარლამანეტის წევრთა რაოდენობა 150–მდე. მაშინ, მართალია, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე საქართველო ვერ ავრცელებდა იურისდიქციას, თუმცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა 2008 წლის აგვისტოში და ამის შემდეგ აღიარა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით.

მეორე არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა არ დანიშნა რეფერენდუმი, ეხება იმ საკანონმდებლო ნორმას, რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება საკანონმდებლო ცვლილების საკითხზე.

“რაც შეეხება ამ კონკრეტულ წინადადებას, რომელიც შემოსულია რეფერენდუმთან დაკავშირებით. მასში წარმოდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია“. ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს საკითხი ისედაც დარეგულირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო თუ მაინცდამაინც კონსტიტუციით სურთ იმის განსაზღვრა, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალის და მამაკაცის ერთობა, მაშინ ის ეთანხმება პრემიერს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას განახორციელებს საქართველოს პარლამენტი:

“თუ არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იყოს კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში მე სრულიად ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცესკომ 30 ივლისს განაცხადა, რომ საინიციატივი ჯგუფის მიერ წარმოდგენილი მასალები აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რეფერენდუმის მოწყობის შესახებ მოთხოვნა პრეზიდენტს გადაუგზავნეს. გიორგი მარგველაშვილს დოკუმენტების მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაეწყვიტა, დანიშნავდა თუ არა რეფერენდუმს.

სარეფერენდუმო წინადადება შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“. ეს წინადადება რეგისტრაციაში ცესკომ 12 ივნისს გაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი