ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძე და “მწვანეები” არჩევნებში “ქართულ ოცნებასთან” ერთიანდებიან

12 აგვისტო, 2016 • 2326
გია გაჩეჩილაძე და “მწვანეები” არჩევნებში “ქართულ ოცნებასთან” ერთიანდებიან

“მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ “მწვანეები” 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნების” საარჩევნო სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

“მწვანეთა პარტია არ გაივლის რეგისტრაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, — ჩვენ დამოუკიდებლად არ მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და ქართულ ოცნებასთან, როგორც 2012 წელს, ვიქნებით ინტეგრირებული, ისევე, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტია და კონსერვატული პარტია”, – განაცხადა დღეს, 12 აგვისტოს, “მწვანეთა პარტიის” ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ სააგენტო “პირველის” პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მისი თქმით, მწვანეთა პარტია, როგორც “ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური ორგანიზაცია”, დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა ამ გადაწყვეტილებაზე: “რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ქართულ ოცნებასთან გადაწყდა, რომ მწვანეთა პარტია არ გაივლის რეგისტრაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში”, – ამბობს გაჩეჩილაძე.

“მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” ერთად მიიღო მონაწილეობა. ის კოალიციის წევრი იყო, როგორც ინდივიდუალური პირი – “მწვანეთა პარტია” კოალაციაში არ შედიოდა. თუმცა შემდეგ, 2014 წლის 19 თებერვალს, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობაში “მწვანეებს” არაფრად აგდებდნენ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

როგორც გია გაჩეჩილაძემ “ნეტგაზეთს” დღეს უთხრა, ეს იმის დამსახურება იყო, რომ კოალიციაში 6 პარტია შედიოდა, რომლებიც “მწვანეებს ექიშპებოდნენ”. მისი თქმით, თვითონ “ქართული ოცნება” მუდმივად უჭერდა მხარს “მწვანეებს” და ეს მხარდაჭერა ახლაც გრძელდება.

როგორც გია გაჩეჩილაძე ამბობს, მათი შეხედულებები ემთხვევა “ქართული ოცნების” იდეოლოგიას: “იდეოლოგიური თვალსაზრისითაც ქართული ოცნება არის სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის მატარებელი, მემარცხენე-ცენტრისტული, მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენც ვართ მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ორგნაიზაცია, ასევე დასავლური მკვეთრად გამოხატული საგარეო კურსით”, – თქვა “მწვანეების” ლიდერმა.

გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საქართველო ირჩევს მწვანე ეკონომიკას და ეს არის ის ეკონომიკური მიმართულება, რამაც საქართველს უნდა მისცეს განსაკუთრებული ნიშა მსოფლიო თანამეგობრობაში: “ჩვენ ამით ჩავდგებით ცივილიზებული სახელმწიფოთა რიგებში ერთ-ერთ გამორჩეულ წევრად”, – თქვა გაჩეჩილაძემ.

12 აგვისტო ბოლო დღეა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების შესატანად.

გაჩეჩილაძის თქმით, ის, რომ  “არჩევნებში 50-მდე პარტია მიიღებს მონაწილეობას”, ძალიან კარგია:

“როგორც ჩანს, პარტიებმა თავისუფლება იგრძნეს იმიტომ, რომ 2016 წლის არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა, წინა არჩევნებში – უფრო ნაკლები. ეს თავისუფლება კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, აბსურდულიც კია ამ პატარა ქვეყანაში, სადაც 3 მლნ ამომრჩეველიც არ არის, ამდენი პოლიტიკური ორგანიზაცია არსებობდეს და მონაწილეობდეს. ამასაც, რა თქმა უნდა, დალაგება და დახვეწა სჭირდება. ამიტომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქვს უდიდესი მნიშნველობა ამ თვალსაზრისითაც”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი