ახალი ამბები

გოჩა ენუქიძე ამჯერად არა ენმ–ის, არამედ “ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატია

9 აგვისტო, 2016 • 3388
გოჩა ენუქიძე ამჯერად არა ენმ–ის, არამედ “ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატია

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის და მესტიის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გოჩა ენუქიძე წარადგინა, რომელიც მოქმედ პარლამენტში ენმ–ის წარდგენით გახდა ამბროლაურის მაჟორიტარი.

გოჩა ენუქიძე  საქართველოს პარლამენტის წევრი 2008 წლიდან გახდა, როგორც ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი.

საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენუქიძე არაერთი მსხვილი კომპანიის მფლობელია, მათ შორისაა, “ლუკოილის” სტრატეგიული პარტნიორი – შპს “იბერკომპანი”. გოჩა ენუქიძე ასევე ფლობს აქციებს “ლიბერთი ბანკში”.

“ცაგერს, სვანეთს, ლენტეხს პროპორციულ სიაში შესაძლოა ჰყავდეთ წარმომადგენელი, ვინაიდან ეს რეგიონები მაქსიმალურად ძლიერად უნად იყვნენ წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ამბროლაურში გოჩა ენუქიძის წარდგენის დროს. მან ასევე დააანონსა წლის ბოლომდე ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობის დასრულება, რაც პრემიერის შეფასებით, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

გოჩა ენუქიძე არ არის პირველი კანდიდატი მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, როდესაც ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარებად წარადგინა ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ენმ–ის წარდგენით მონაწილეობდნენ და ასე მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი