გოჩა ენუქიძე, რომელიც რუსეთის უმსხვილესი საერთაშორისო ნავთობკომპანია “ლუკოილის” ბრენდის ქვეშ
საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურების მფლობელია, საქართველოს პარლამენტის წევრი 2008 წლიდან გახდა, როგორც ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი.
საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენუქიძე 26 მსხვილი კომპანიის მფლობელია, მათ შორისაა, “ლუკოილის” სტრატეგიული პარტნიორი – შპს “იბერკომპანი”, ასევე, “იბერია ბიზნეს ჯგუფი”, “კია მოტორს ჯორჯია”, საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” და ა.შ. ამ კომპანიების საქმიანობის შედეგად ენუქიძემ გასულ წელს 1 მილიონ 200 ათასამდე ლარის შემოსავალი მიიღო.
გოჩა ენუქიძე ასევე ფლობს აქციების წილს “ლიბერთი ბანკში”.
ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი და ამჯერად უკვე დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე არის საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების მესაკუთრე თბილისში, მცხეთაში, საგურამოში, ბაკურიანში, წყნეთში.
კომპანიების საქმიანობიდან და სხვადასხვა საიჯარო ხელშეკრულებების შედეგად მიღებული შემოსავლების გარდა, გოჩა ენუქიძემ, რომელსაც ნახევარ მილიონამდე დოლარი საბანკო ანაბრებზე აქვს განთავსებული, 50 566 ლარი მიიღო შარშან ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით, ანუ დაახლოებით იმდენივე, რამდენიც მან ოჯახის დასვენებისა და მოგზაურობისთვის დახარჯა გასული წლის განმავლობაში.
“ჩემი მიზანია რაიონის კეთილდღეობაზე და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვა, რაიონის ინფრასტრუქტურის განვითარება. უმუშევრობის პრობლემის გადასაჭრელად და მიგრაციის პროცესის შესაჩერებლად ამბროლაურისათვის პრიორიტეტული დარგების– ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და საკონსერვო მრეწველობის განვითარება, ამასთანავე, სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგის – ღვინო “ხვანჭკარას” მომცემი უნიკალური მევენახეობის განვითარებისადმი ხელშეწყობა”, – ეს დაპირება ენუქიძემ ჯერ კიდევ 2008 წლის არჩევნების დროს მისცა აბროლაურის მცხოვრებლებს.
ამ დაპირებების დიდი ნაწილი დღემდე არ შესრულებულა, ნაწილი პროექტები კი, ძირითადად, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მიმდინარე წელს, წინასაარჩევნოდ განხორციელდა ან ხორციელდება. მაგალითად, ამბროლაურის ცენტრში უკვე აშენებულია ახალი სპორტდარბაზი, ამჟამად შენდება საცურაო აუზი. ქალაქის რამდენიმე შენობა ხარაჩოებშია ჩასმული და მუშები სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ.
ამბროლაურში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე წელია ხელისუფლებისგან მუდმივად იღებენ სხვადასხვა სახის დაპირებებს, რეალურად კი გაცილებით ნაკლები რამ კეთდება. მაგალითად, შაორის რეკრეაციული ზონის კეთილმოწყობის დაპირება საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2006 წელს გასცა, თუმცა პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სასტუმრო დასასვენებელი კომპლექსი წყალსაცავის ირგვლივ დღემდე არ შექმნილა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2012 წლის აგვისტომდე რაჭაში 3-ჯერ იმყოფებოდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ ჩავიდა. სააკაშვილმა ამბროლაურის მცხოვრებლებს ისევ შაორის კეთილმოწყობის პირობა მისცა, იმ სხვა დაპირებებთან ერთად, რასაც მმართველი პარტიისა და მთავრობის ახალი პროგრამა – “მეტი სარგებელი ხალხს” ითვალისწინებს.
“ყველაფერს რომ გპირდება და არაფერს აკეთებს, იმისას დაიჯერებ? ათი წელი რომ გპირდება და არაფერს აკეთებს, როგორ უნდა დაუჯერო?” – ამბობს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში მცხოვრები თამრიკო ჩხაიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
იგი დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას ამბროლაურში 30 პროცენტიც არ დაუჭერს მხარს. ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება ჩხაიძის მეზობელი ნელი ლებანიძე, რომელიც ხელისუფლების საქმიანობით კმაყოფილია და დაბეჯითებით ამბობს, რომ მმართველ პარტიას ამბროლაურის მოსახლეობის 60-65% მაინც უჭერს მხარს.
მურმან კობახიძე პენსიონერია. ისიც ნიკორწმინდაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ყველაფერი გაძვირდა და პენსია საკმარისი არაა თავის შესანახად, თუმცა მაინც კმაყოფილია მთავრობის მუშაობით: პენსიას დაგვიანების გარეშე იღებს, სოფელში წყალიც გაიყვანეს, ახლა გაზსაც პირდებიან. კობახიძე ამბობს, რომ ამბროლაურში მოსახლეობის აზრი ორადაა გაყოფილი: ნახევარი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია, დანარჩენი 50% კი – ბიძინა ივანიშვილის.
ივანიშვილი ამბროლაურის მოსახლეობას ჯერ არ შეხვედრია, სამაგიეროდ, მან რამდენიმე კვირის წინ დაასახელა
კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – დავით დარახველიძე. დარახველიძე შევარდნაძის მთავრობის პერიოდის ჩინოვნიკია, “ვარდების რევოლუციამდე” ის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი იყო.
დარახველიძე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ოფისი ამბროლაურში ორი კვირის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე პარტიამ 300 აქტივისტის მობილიზება მოახერხა რაიონის მასშტაბით. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აქტივისტებთან ერთად ახლა 27 აგვისტოს ღონისძიების ორგანიზებაზე მუშაობენ, რადგან სწორედ ამ დღეს უნდა ჩავიდეს კოალიციის ლიდერი ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად.
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ამ დრომდე მათ მხარდამჭერებსა და მმართველი რგოლის მომხრეებს შორის რაიმე დაპირისპირებას ამბროლაურში ადგილი არ ჰქონია. ამის მიუხედავად, დარახველიძე ამბობს, რომ მოსახლეობაში შიშის ფაქტორი საკმაოდ ძლიერია.
ემზარ კობახიძე, რომელიც ნიკორწმინდაში სასურსათო მაღაზიის მფლობელია, ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ფართის ნაწილის მიქირავება შეთავაზეს. კობახიძე ამბობს, რომ მისთვის კომერციული თვალსაზრისით მომგებიანი იქნებოდა ფართის გაქირავება, მაგრამ ახლობლებმა ურჩიეს, რომ თავი შეეკავებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემები შეექმნებოდა.
მოსახლეობაში არსებულ ფარულ შიშზე საუბრობს ასევე “ახალი მემარჯვენეების” ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა დონაძე, რომელიც ამავე პარტიის ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. თუმცა დონაძეც დარახველიძის მსგავსად ამბობს, რომ ღია დაპირისპირებას და რაიმე ინციდენტს მათსა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის ადგილი არ ჰქონია ამბროლაურში.
დონაძის თქმით, “ახალი მემარჯვენეები” აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ ამბროლაურში, მართავენ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. აღნიშნულ შეხვედრებზე, დონაძის თქმით, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, მათ შორისაა: შხამ–ქიმიკატებისგან დაზიანებული ვენახი და ყურძნის მოსავლის ჩაბარების პრობლემა, ასევე, საშეშედ ადგილობრივებისთვის ხე–ტყის გამოყენების შეზღუდვა.
ამბროლაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებიათ “ქრისტიან-დემოკრატებს”.
ამ დროისთვის ამბროლაურში მხოლოდ ოთხ პარტიას აქვს ოფისი გახსნილი: “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, კოალიცია “ქართულ ოცნებას”, “ახალ მემარჯვენეებსა” და “ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”.
ცესკოს მონაცემებით, ამბროლაურის საარჩევნო ოლქში 11 980 ამომრჩეველია რეგისტრირებული. წინა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 61.5% მიიღო მმართველმა პარტიამ, “გაერთიანებულმა ოპოზიციამ” კი– 26%.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |