ნეტგაზეთი | რატომ დაიბარეს პარტიების 70 შემწირველი აუდიტის სამსახურში [ინფოგრაფიკა] რატომ დაიბარეს პარტიების 70 შემწირველი აუდიტის სამსახურში [ინფოგრაფიკა] – Netgazeti
RU | GE  

რატომ დაიბარეს პარტიების 70 შემწირველი აუდიტის სამსახურში [ინფოგრაფიკა]

ბოლო სამ თვეში აუდიტის სახელმწიფო სამსახურში პოლიტიკური გაერთიანებების 70 შემწირველი დაიბარეს გამოკითხვაზე. მათი ნაწილი უკვე გამოკითხეს, 30 მათგანს კი ამ კვირაში გაესაუბრებიან, რათა გაირკვეს მათ მიერ შეწირული თანხის წარმომავლობის კანონიერება. სანამ თითოეული მათგანის საკითხის შესწავლა არ დასრულდება, აუდიტის სამსახური, სავარაუდოდ, კანონდამრღვევი შემომწირველების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

სახელმწიფო აუდიტის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ზურაბ აზნაურაშვილის თქმით, მათ უკვე დაასრულეს 2016 წლის პირველ სამ თვეში პარტიების შემოწირულობების გადამოწმება და ამჟამად დარჩენილი ოთხი თვის გადამოწმების პროცესში არიან. პირველი სამი თვის შემოწმების შედეგად, აუდიტის სამსახურს პარტიების შემოწირულობებში დარღვევები არ დაუფიქსირებია.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულობა, 4.6 მილიონი ლარი “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. მეორე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისათვის” 1.8 მლნ ლარით, მესამეზე კი – “პატრიოტთა ალიანსი” 0.88 მლნ ლარით.

ზურაბ აზნაურაშვილის განმარტებით, აუდიტის სამსახური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობებს შემდეგნაირად ამოწმებენ:

თავდაპირველად, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურიდან აუდიტი იღებს ინფორმაციას შემწირველის შემოსავლების შესახებ. თუკი შემწირველს შემოსავლების სამსახურში არ უფიქსირდება საკმარისი შემოსავალი, მაშინ შემოსავლების სამსახური მას გამოკითხვაზე მისვლას სთხოვს, რათა აუდიტს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ. მათ უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია, რამე ხომ არ აქვთ იჯარით გაქირავებული, რაიმე ფართის ან ქონების რეალიზაცია ხომ არ მოახდინეს. როდესაც ეს ფაქტები გადამოწმდება, ვისზეც კიდევ იქნება ეჭვი, ამოწმებენ იმ შემწირველების საბანკო მონაცემებს, ხომ არ აქვთ სესხი, რაიმე დავალიანება, ვალდებულებები. ამის შემდეგ რჩებიან ის პირები, ვის მიმართაც შესაძლოა სანქცია იყოს გამოყენებული.

“რომ გვეტყვის, რომ გარკვეული თანხები ერიცხება ანგარიშზე, ან ოჯახის წევრი უგზავნის თანხებს, ასეთ შემთხვევაში, ვამოწმებთ ბანკში, ნამდვილად არის ჩარიცხვები თუ არა. იგივე, ქონება ნამდვილად გაასხვისა თუ არა, ვამოწმებთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. შეიძლება იყოს აქ ავტომანქანის რეალიზაციაზე საუბარი, ასევე მოწმდება საპენსიო და სოციალურად დაუცველთა ბაზებში ხომ არ არის ვინმე პენსიონერი შემომწირველი,”- ამბობს აზნაურაშვილი.

მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აუდიტის სამსახურს სანქცია ჯერ არავის მიმართ გამოუყენებია.

“არის მიმდინარე პერიოდში რამდენიმე პირი, რომლებზეც მე პირადად ვფიქრობ, რომ აქვთ დარღვევით განხორციელებული შემოწირულობა და ვერ ადასტურებენ ამ შემოწირულობას, მაგრამ გადამოწმება არ დაგვისრულებია და,  შესაბამისად, ვერ ვასახელებთ,”- განაცხადა აზნაურაშვილმა.

იგი ვარაუდობს, რომ ივნისის თვის შემომწირველებზე ინფორმაციის გადამოწმება უახლოეს დღეებში დასრულდება.

ყველაზე მეტი მსხვილი შემწირველი პარტიებს “ქართულ ოცნებასა” და “სახელმწიფო ხალხისათვის” ჰყავთ.

ქართული ოცნების მსხვილ შემწირველებს შორის არის ქუთაისის 41-ე სკოლის დირექტორი და ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გენადი მარგველაშვილი. მან პარტიას 55 ათასი ლარი შესწირა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა გენადი მარგველაშვილს, რათა გაერკვია, როგორ შეძლო მან სკოლის დირექტორის ხელფასით პარტიისთვის ამ თანხის შეწირვა.

გენადი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს 55 000 ლარი მართლაც შესწირა “ქართულ ოცნებას” და ეს თანხა მისი პირადი დანაზოგია.

“მე ვარ ძალიან წარმატებული პედაგოგი და მაქვს დამატებითი შემოსავლებიც,”- განაცხადა მან.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს დამატებითი საქმიანობა რეპეტიტორობა, მან განაცხადა: “ოფიციალურად რეპეტიტორობა ფორმდება? რა უნდა გითხრათ, არ ვიცი”. მისივე თქმით, იგი სხვაგან არსად მუშაობს.

მსხვილ შემწირველებს შორის არიან მაჟორიტარობის კანდიდატები, მოქმედი მაღალჩინოსნები, ყოფილი სპორტსმენები, პარტიის ლიდერების ახლო ნათესავები და ა.შ:

 

ამ ეტაპზე უცნობია, არის თუ არა ვინმე კანონდამრღვევი მსხვილი შემწირველებიდან. აუდიტის სამსახურში განაცხადეს, რომ შემომწირველების ფინანსური ინფორმაციის დასრულებამდე არ გახდება ცნობილი სავარაუდო კანონდამრღვევთა ვინაობა.

კანონდამრღვევი შემომწირველისთვის სანქციას “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონი ადგენს. კანონის თანახმად, აკრძალული შემოწირულობის შემთხვევაში პარტია შემოწირულობის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი