ახალი ამბები

კონტროლის პალატის საკანონმდებლო ინიციატივა “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”

14 მარტი, 2012 • • 1214
კონტროლის პალატის საკანონმდებლო ინიციატივა “პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”

საქართველოს კონტროლის პალატამ მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის დახვეწის მიზნით.

აღნიშნული ინიციატივა კონტროლის პალატის თავჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა არასამთავრობო სექტორს უკვე გააცნო. მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში, ახლებურად, უფრო ფართოდ არის განმარტებული 261 მუხლი, (ის, თუ ვისზე ვრცელდება პარტიისთვის დაწესებული შეზღუდვები),  ახლებური ფორმით არის ჩამოყალიბებული ყადაღის დადებისა და ჯარიმის შეფარდების პროცედურები, ასევე სასამართლოსადმი მიმართვა უფრო დაკონკრეტებულია.

ეს შეფასებები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეკუთვნით. კამპანია “ეს შენ გეხებას” წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ცალკეულ საკითხებზე კოტროლის პალატის ხედვა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონზე მისაღებია, ანუ წარმოდგენილი ხედვა უფრო მეტად ლიბერალური და პროგრესულია, ვიდრე არსებული კანონი.    

კერძოდ, კონტროლის პალატის საკანონმდებლო ინიციატივაში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 261 მუხლი შემდეგნაირი ფორმულირებითაა წარმოდგენილი.  

მუხლი 261
1. ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები, (მათი შინაარსის გათვალისწინებით), ასევე ვრცელდება:

ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს განცხადებული (საარჩევნო) მიზნები და ამოცანები;

ბ) პირზე, რომლის ხარჯები მიმართულია რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ, გარდა ამ კანონით ნებადართული პარტიის ქონების ფორმირების წყაროებისა;

გ) პირზე, რომელსაც აქვს განცხადებული (საარჩევნო) მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.

2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება პარტიის საქმიანობასა და მიზნებს.

3. შეზღუდვების მიზანია პარტიის და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების რეგულირება და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

4.  ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ შეზღუდვები გავრცელდება მხოლოდ იმ ქმედებებზე, რომლებიც უკავშირდება პოლიტიკური ძალის დაფინანსებას. შეზღუდვების ფარგლებში არ ექცევა ეკონომიკურ/სამეწარმეო საქმიანობა, საკუთრების უფლება და სხვა კერძო – სამართლებრივი უფლებები და თავისუფლებები, თუ ისინი არ უკავშირდება პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებს და/ან არ ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.

5. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ იურიდიულ პირზე, რომლის მიზანია წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპების რეალიზაციის, პოლიტიკური გაერთიანების ინსტიტუციური განვითარებისა და ჯანსაღი კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რაც არ უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერასა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას.

6. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის განხორციელების და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ.  

კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილ 261 მუხლში უფრო დაკონკრეტდა და განისაზღვრა ის შეზღუდვები და პირები, ვინც შეიძლება იყვნენ პარტიასთან დაკავშირებულნი. აღნიშნული მუხლის “ა” ქვეპუნქტში მოხდა ახალი სიტყვის “საარჩევნო”–ს ჩამატება, ასევე დაემატა მე–3, მე–4, მე–5 და მე–6 პუნქტები.

თუმცა, არასამთავრობოები  კვლავ გამოყოფენ კანონპროექტში ბუნდოვან ჩანაწერს.

“კერძოდ, ის, რომ კანონპროექტში ისევ არის ჩანაწერი, რომ პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ პირზეც შეიძლება გავრცელდეს შეზღუდვა, ანუ ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება დადგეს ეს კავშირი. ასევე ბუნდოვანია, რას ნიშნავს ჩამატება – “მათი შინაარსის გათვალისწინებით,” – აღნიშნავს ლომჯარია.

კონტროლის პალტისეულ კანონპროექტში დაკმაყოფილებულია არასამთავრობოების მოთხოვნა, რომელიც  უკანონო  შემოწირულების  განხორციელების  შემთხვევაში  კონტროლის  პალატის ვალდებულებას უკავშირდება. როგორც აქამდე კანონში იყო 3 დღიანი პერიოდი, კანონპროექტში 5 დღიანი პერიოდით არის განსაზღვრული.    

მუხლი  271
1. შემოწირულებისა და საწევრო შენატანის შესახებ ინფორმაცია პარტიამ 5 დღის ვადაში უნდა წრუდგინოს საქართველოს კონტროლის პალატას.

2. თუ შემოწირულობის მიღებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

ასევე ამ კანონპროექტში უფრო დაკონკრეტებულია სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურა.

“ყადაღის დადების პროცედურა და ჯარიმის შეფარდების პროცედურა აქვთ უფრო გაწერილი და სასამართლოსადმი მიმართვა უფრო დაკონკრეტებულია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯარიმაზე და ყადაღაზე სასამართლომ უნდა მიიღოს,” – განმარტავს ლომჯარია.

342 მუხლის მე–8 და მე–9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ამ მუხით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე კონტროლის პალატის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ განსახილველად ეგზავნება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, კონტროლის პალატის თანამდებობის პირი უფლებამოსილია, აუცილებლობის შემთხვევაში, ყადაღა დაადოს პარტიის, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), იმ ოდენობით, რაც ამ კანონით შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობის პროპორციულია. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტო ყადაღის დადების თაობაზე დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად.  

342 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–10 და მე–11 პუნქტები:

“10 . ამ მუხლის მე–8 და მე–9 პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრააციულ სამართლებრივ აქტებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში.

11. ამ მუხლის მე–10 პუნქტით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იგი შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად სააპელაციო სასამართლოში.

თუმცა, ამ კანონპროექტში ვერ მოხვდა ერთ–ერთი პრობლემური საკითხი, რასაც არასამთავრობოები აყენებენ – კერძოდ, მოეხსნას ამომრჩევლებს არასამთავრობოების შეფასებით მძიმე და  გაუმართლებელი პასუხისმგებლობა.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ეს საკითხი კონტროლის პალატას არ განუხილავს.

“სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ჩვენ დავაყენეთ  ეს საკითხი, მაგრამ მათ აღნიშნეს, რომ ეს საკითხი ნაკლებად ეხებათ,” – უთხრა “ნეტგაზეთს” ლომჯარიამ.

კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შემდეგ ძირითად ხარვეზებს გამოყოფენ:

  • კონსტიტუციით დაცული უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა;
  • ბუნდოვანი ნორმები და პროცედურული გარანტიების არარსებობა;
  • ნორმების ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და კონტროლის პალატის ულიმიტო უფლებამოსილება;
  • არაგონივრული შეზღუდვები და სანქციები;
  • მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობა ამომრჩეველს.

ჯერ–ჯერობით კონტროლის პალატა ვერ აკონკრეტებს, თუ როდის შეიტანს საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი