ახალი ამბები

ფოთელების ნაწილი კონტროლის პალატაში არ გამოცხადდება

13 მარტი, 2012 •
ფოთელების ნაწილი კონტროლის პალატაში არ გამოცხადდება

გაიოზ ქინქლაძე
გაიოზ ქინქლაძე

კონტროლის პალატის უწყება ფოთში 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათი ნაწილი ახსნა-განმარტების მიცემას არ აპირებს კონკრეტული მოთხოვნების შესრულებამდე:

„მზად ვარ, გამოვცხადდე და მოგაწოდოთ ჩემთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია. ამისათვის კი საჭიროა წინასწარ მაცნობოთ, თუ რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება ვიყო პასუხისგებაში მიცემული და გადმომცეთ ჩემი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის დამადასტურებელი სამართალდარღვევის ოქმი, თანდართული საქმის მასალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებ სრულფასოვნად ვისარგებლო ჩემი კანონიერი უფლებებით“, – ამ შინაარსის განცხადება, “ქართული ოცნების” ფოთელი აქტივისტების თქმით, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის სახელზე უკვე შეტანილია.

კონტროლის პალატაში მისვლას არ გეგმავენ თამაზ სოსელია და მისი მეუღლე, რომლებსაც უწყება მიუვიდათ. იგი არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არაა:

„არ მივსულვარ და არც ვაპირებ მისვლას, რადგან მე გასარკვევი არაფერი მაქვს. შემიძლია პირდაპირ ვაღიარო, რომ ინიციატივა გამოვიჩინე და დავარიგე 8000 გაზეთი. დღეს დემოკრატიულ შუქურაზე ხომ დგას საქართველო?! მე ივანიშვილის მიმართულებას და ხედვას ვეთანხმები და ვალდებულებად ჩავთვალე თავი, რომ დამერიგებინა გაზეთი,“ – ამბობს ის.

პარტიის წევრი არც თამარ ჟვანიაა, რომელმაც ახსნა-განმარტება უკვე მისცა კონტროლის პალატას ფოთის მერიის შენობაში:

„არ ვარ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე. მეც მომივიდა უწყება. დაკითხვაზე მკითხეს, თუ რატომ მივედი ამ პარტიაში, რატომ გავაკეთე ეს საქმე. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე, თუ როგორ ვარიგებდით გაზეთებს და როგორ ვაგროვებდით ხელმოწერებს. მკითხეს, ზეწოლას ხომ არ ჰქონდა ჩვენი მხრიდან ადგილი მოქალაქეებზე? მე კი ვუპასუხე, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, თუ ადამიანებს არ სურდათ ხელმოწერა, ჩვენ მათ არაფერს ვაიძულებდით. ძირითადად გვეკითხებოდნენ, თუ რამდენი ხმა მოვაგროვეთ და რამდენი გადაგვიხადეს ამისთვის. აინტერესებდათ, რატომ მოვხვდი იმ პარტიაში, რომელსაც აფინანსებს რუსეთი. მე ნამდვილად არ ვიცი, ვისგან და საიდან შემოდის ფინანსები. მე ჩემი დავალება შევასრულე და ავიღე ანაზღაურებაც. ეს იყო ჩემი ოჯახისთვის საარსებო თანხა. არსად არ ვმუშაობ. არავის არ აქვს უფლება, რომ ჩემზე ზეწოლა მოახდინონ. სანამ დაკითხვაზე შევიდოდი, მანამდე თმის ღერიდან დაწყებული ყველაფერი შეგვიმოწმეს, პირადი ნივთებიც შეამოწმეს, საყურეც კი ჩამომხსნეს. ყველანაირი მეტალი ჩამოგვართვეს. ფეხზეც კი გაგვახდევინეს. ძალიან მძიმე პირობებში გაგვატარეს,“ – ამბობს თამარ ჟვანია.

„ეს არის დაშინება იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკურ საქმიანობაში, ან აპირებენ ჩართვას. ძირითადად ეს უწყებები მიუვიდა იმ ადამიანებს, რომლებიც არიგებენ გაზეთებს და აგროვებდნენ ხელმოწერებს ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენაზე. უწყება, ამავდროულად, მიუვიდათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ამ პროცესებში ჩართულნი. მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრებს. ეს არის დაშინება ქართული საზოგადოების. საინტერესოა ის ფაქტიც, უწყებაში აღნიშნული არაა კონკრეტული ფაქტი ან კანონის მუხლი, რომლის საფუძველზეც მათ განმარტებებს სთხოვენ. უწყებას არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი,“ – აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გაიოზ ქინქლაძე.

კონტროლის პალატის წარმომადგენლები ფოთში “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ პირებს ადგილობრივი მერიის შენობაში იბარებენ ახსნა-განმარტებების მისაცემად. ფოთის მერიის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი მაკა ზარანდია კითხვას – თუ რატომ ან ვისი მითითებით იბარებენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები მოქალაქეებს, არ პასუხობს. ჩვენთან არაოფიციალურ საუბარში კი ამბობს, რომ „დავალება მივიღეთ და არ ვიცი, რატომ დაკითხავენ. ჩვენ კონტროლის პალატის კომპეტენციებში ვერ ჩავერევით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი