ახალი ამბები

ღურწკაია: კონტროლის პალატასთან გასაუბრებამდე გამჩხრიკეს [Audio]

13 მარტი, 2012 • 1417
ღურწკაია: კონტროლის პალატასთან გასაუბრებამდე გამჩხრიკეს [Audio]

“რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის წევრი მაია ღურწკაია ზუგდიდის გამგეობის შენობის მეოთხე სართულზე ორი საათის მანძილზე აძლევდა ახსნა-განმარტებას კონტროლის პალატის წარმომადგენლებს:

“მკითხეს, რამდენი ავიღე ხელფასი, რამდენი ხელმოწერა შევაგროვე დეკემბერის თვეში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, რამდენი გადამიხადეს ამაში, რა ტიპის აგიტაციას ვეწეოდი და რას ვპირდებოდი იმ ადამიანებს, ვინც აწერდა ხელს, რა შემოსავალი მაქვს ოჯახში, სად მუშაობს დედაჩემი, ჩემი ძმა და ა.შ.” – ეს ის შეკითხვებია, რაზეც, როგორც მაია ღურწკაია ამბობს, კონტროლის პალატის წარმომადგენლების ითხოვდნენ მისგან პასუხებს.

ღურწკაია ამბობს, რომ ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის აღდგენის განცხადებაზე 500-მდე ხელმოწერა შეაგროვა, თითოეულ ხელმოწერაში 50 თეთრი და, ჯამში, 250 ლარამდე მიიღო საკუთარი პარტიისგან ანაზღაურების სახით. სხვა შემოსავალი მას, როგორც თავად ამბობს, პარტიისგან არ მიუღია და არც თავად გადაურიცხავს რაიმე თანხა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის.

მაია ღურწკაიას თქმით, ის საგანგებოდ გაჩხრიკეს იმ ოთახში შესვლამდე, სადაც მას კონტროლის პალატის წარმომადგენლები ელოდნენ:   

“პირველიდან მეოთხე სართულამდე გვაცილებდა პოლიცია მე და ჩემს ადვოკატს. საგანგებოდ გამჩრიკეს, გამხადეს ქურთუკი, დაიტოვეს თვითონ ქურთუკი, არც პასტა შემატანინეს, არც ტელეფონი”.

მისივე თქმით, კონტროლის პალატის წარმომადგენელი, რომლის სახელი და გვარი არ იცის და რომელიც თბილისიდან იყო მივლინებული, მას მუქარის ტონით ესაუბრებოდა:

“შენ და შენს პარტიას 10 ათასლარიანი ჯარიმა მოგეკერებათო, მემუქრებოდა”.

მაია ღურწკაია ამბობს, რომ მოითხოვა იმ ახსნა-განმარტების ასლი, რომელიც მან კონტროლის პალატას წერილობით მისცა, რაზეც უარი მიიღო.

ღურწკაიას გარდა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა ახსნა-განმარტების მისაცემად “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე აქტივისტი დაიბარეს, რომლებმაც საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის, გიორგი ამირანაშვილის ხელმოწერილი უწყება კვირას, 11 მარტს მიიღეს.

კონტროლის პალატის უწყებაში განმარტებულია, რომ ეს ადამიანები ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს იმის გამო, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება “პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი