ახალი ამბები

თურქეთის ელჩი: გიულენის კავშირს გადატრიალების მცდელობასთან სანდო წყაროები ადასტურებენ

27 ივლისი, 2016 • 1420
თურქეთის ელჩი: გიულენის კავშირს გადატრიალების მცდელობასთან სანდო წყაროები ადასტურებენ

საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, თქმით, როდესაც აჯანყებულებმა თურქეთის გენშტაბის უფროსი, გენერალი ჰულუსი აკარი მძევლად აიყვანეს, მას გადატრიალების შესახებ დეკლარაციაზე ხელის მოწერას აიძულებდნენ. გენერლის უარის შემდეგ კი უთხრეს, რომ თავიანთ ლიდერ ფეტულა გიულენს დაალაპარაკებდნენ.

“გადატრიალების მცდელობა, რომ ფეტულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ იყო დაგეგმილი, ამას ჩვენი სანდრო წყაროები ადასტურებენ”, – განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.

ფეტულა გიულენი თურქეთში დაბადებული სასულიერო პირია – ყოფილი იმამი, რომელიც 1999 წლიდან აშშ-ში, პენსილვანიაში ცხოვრობს. თურქეთის ხელისუფლება 15 ივლისის აჯანყების დაგეგმვაში სწორედ მას ადანაშაულებს, თუმცა თვითონ გიულენი აჯანყებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

“როდესაც პუტჩისტებმა თურქეთის გენშტაბის უფროსი აიყვანეს, აიძულებდნენ, ხელი მოეწერა დეკლარაციაზე გადატრიალების შესახებ და ზეწოლას ახდენდნენ მასზე. გენშტაბის უფროსმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და ხელის მოწერას არ დათანხმდა. ამის შემდეგ კი მას პუტჩისტებმა უთხრეს, რომ დაალაპარაკებდნენ თავიან ლიდერს, ფეტულა გიულენს, რომელიც დაიყოლიებდა მას, ხელი მოეწერა აღნიშნულ დეკლარაციაზე”, – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ პრესკონფერენციაზე 27 ივლისს.

“იმის დასამტკიცებლად, რომ აჯანყებულებს ფეტულა გიულენთან ჰქონდათ კავშირი, ამაზე უფრო ნათელი მაგალითი არ არსებობს”, – თქვა ელჩმა.

თურქეთში ამჟამად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რასაც წინ უსწრებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც ამბოხებულთათვის წაუმატებლად დასრულდა. 15 ივლისის ღამით დაწყებულ ამბოხებას 190 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის სამართალდამცავებმა 37 500 საჯარო მოხელე და პოლიციის ოფიცერი დაითხოვეს სამსახურიდან, 21 000 მასწავლებელს შეუჩერეს ლიცენზია და 13 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი