დღეს, 9 მარტს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მე–13 სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე სამი საკითხი განიხილეს. კერძოდ, კარდაკარის აქციაში მონაწილე რეგისტრატორთა მომზადების, კარდაკარის დროს ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ აგიტაციის აკრძალვისა და ასევე, თითოეული კომისიის წევრის ჩართულობის საკითხი საარჩევნო კომისიის რეგიონულ წარმომადგენლობებში.
- ყველა რეგისტრატორი უნდა დაექვემდებაროს შესაბამის სწავლებას, ანუ ტრენინგს. 40 ტრენერია საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს ქვეყნის მასშტაბით 11 000 რეგისტრატორის დატრენინგება. მემორანდუმს გააფორმებს ცესკო-ს სწავლების ცენტრთან და სწორედ ეს ცენტრი დაატრენინგებს ყველა რეგისტრატორს. ხოლო ტრენერთა კვალიფიკაციის ამაღლებას უზრუნველყოფს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია (IFES);
- ტრენინგების ჩატარების ადგილი იქნება რაიონული ცენტრები;
- თუკი ტრენერს ექნება შენიშვნა რომელიმე რეგისტრატორთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ის ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალებას, კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგისტრატორი კარდაკარის პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მასთან კომისია ხელშეკრულებას გაწყვეტს.
ტრეინინგი ორკვირიანი იქნება. როგორც დღევანდელ სხდომზე ითქვა, კვირისთვის მოხდება იმ პირთა, რეგისტრატორთა მონაცემების შეჯერება, რომლებიც ოფიციალურად მიიღებენ მონაწილეობას ტრენინგში.
სხდომაზე ასევე დიდი ყურადღება დაეთმო იმ ფორმის შემუშავებას, რომელიც მოახდენს რეგისტრატორების მხრიდან კარდაკარის დროს ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ აგიტაციის აკრძალვას.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თამვჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა განიხილოს და აკრძალოს ყველა ტიპის აგიტაცია.
“მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილების დარღვევა გახდება საფუძველი კონკრეტულ რეგისტრატორთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის. ანუ ჩვენ შევწყვეტთ კონკრეტულ რეგისტრატორთან თანამშრომლობას, თუკი დადასტურდება, რომ მან კარდაკარის აქციის დროს გასწია, ან შეეცადა გაეწია აგიტაცია ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის სასარგებლოდ.
შესაბამისად, ყველა ჭორი და მითქმა–მოთქმა, რომ ეს იქნება გამოყენებული ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიერ სააგიტაციოდ, ჩვენ ამას ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე ვკრძალავთ. ამასთან დაკავშირებით გვექნება ჩვენეული მონიტორინგი, მაგრამ მთავარი მაკონტროლებელი ამაში უნდა იყოს ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი მოქალაქე, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ რეგისტრატორის მხრიდან პოლიტიკური რეკლამის, აგიტაციის გაწევა კარდაკარის აქციის დროს არის მკაცრად აკძალული,” – აღნიშნა კაციტაძემ.
თუმცა, რა ფორმით მოხდება დაკვირვება კარდაკარის აქციაში მონაწილე რეგისტრატორებზე, კაციტაძე წინასწარ არ განმარტავს, იმ მოტივით, რომ შემდეგ შეიძლება მათ (კარდაკარის აქციაში მონაწილე რეგისტრატორებმა) ეს სათავისოდ გამოიყენონ.
სხდომაზე აღნიშნულის პრევენციის ერთ–ერთ მაგალითად რეგისტრანტთა წყვილებში მოძრაობა დასახელდა.
ამავდროულად, დიდი ყურადღება დაეთმო კომისიის 21 წევრის ჩართულობას რეგიონულ წარმომადგენლობებში.
კაციტაძის განმარტებით, კომისიის მიზანია, აწარმოოს ერთგვარი მონიტორინგი რეგიონული წარმომადგენლების მუშაობაში, თუ რამდენად არის მათი მუშაობა შესაბამისი დებულებასთან და გადაწყვეტილებასთან, ასევე, პერიოდული ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას ამ მონიტორინგის საფუძველზე.
რაც შეეხება ამომრჩეველთა ერთიან სიებს, “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როდის განთავსდება საიტზე ამომრჩეველთა სია, კაციტაძე ზუსტ თარიღს ვერ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ სანამ სახელმწიფო უწყებებიდან მიღებული სიების დაზუსტება არ მოხდება, სიები საიტზე ვერ დაიდება.
ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისია პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 15 ნოემბერს შეიქმნა. კომისიას 21 ადამიანი წარმოადგენს: 7 “ნაციონალი”, 7 ოპოზიციონერი და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. კომისიამ გადამოწმებული სიები ცესკოს 2012 წლის პირველ ივლისამდე უნდა წარუდგინოს, ხოლო პირველი აგვისტოსთვის უკვე დაიდება საბოლოო სია. საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიამ პირველი სხდომა 17 ნოემბერს გამართა.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ბიუჯეტი თებერვლიდან აგვისტომდე 4 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა.