ახალი ამბები

ყაბალახი ან აჭარული ქამარი – მხოლოდ ასე შეიძლება “ჩანაცვლდეს” ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა რიოში

24 ივლისი, 2016 • 5061
ყაბალახი ან აჭარული ქამარი – მხოლოდ ასე შეიძლება “ჩანაცვლდეს” ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა რიოში

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ არსებობს ალტერნატივა თუ როგორ შეიძლება ჩაიცვან ქართველმა სპორტსმენებმა რიოში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ამინდის მიხედვით.

თუმცა როგორც სალუქვაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ეს არ ეხებათ მამაკაც სპორტსმენებს, რადგან მათთვის ალტერნატიული უნიფორმა შექმნილი არ არის, რაც შეეხება ქალებს, როგორც ირკვევა – არჩევანი აქაც შეზღუდულია. არსებობს შესაძლებლობა, რომ მათ არ ჩაიცვან წითელი კოსტიუმი, რომელიც ქვემოთ ფოტოზე ჩანს და სანაცვლოდ ყაბალახით ან აჭარული ქამრით შეიმოსონ. სალუქვაძის განმარტებით, კაბა ორივე შემთხვევაში იგივე დარჩება, რაც ფოტოზეა მოცემული. ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაშიც დარჩება ქისა, რომელშიც სალუქვაძის თქმით, სპორტსმენები ტელეფონს ან ცხვირსახოცს ჩაიდებს. ნინო სალუქვაძე ოლიმპიური ჩემპიონია ტყვიით სროლაში და იგი წლევანდელ ოლიმპიადაში რიგით მერვედ მონაწილეობს სპორტსმენის რანგში. იგი ამტკიცებს, რომ ყველა ოლიმპიადაზე “კლასიკური ჩაცმულობის” შემთხვევაშიც კი გათვალისიწნებული იყო ჩანთები.

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს დელეგაციის ფორმები რიოს ოლიმპიადაზე. მარჯვნივ ნინო სალუქვაძე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

 

“ალტერნატივა არის შექმნილი. გვაქვს 3 სხვადასხვა ვარიანტი. კაბა ერთი და იგივეა, მაგრამ შემოსაცმელი ყაბალახი და ქამარი გათვალისიწნებულია და ამას იმის მიხედვით ჩავიცმევთ, როგორი ამინდი იქნება რიოში, რადგან 14-16 გრადუსს ვარაუდობენ ღამე [ღამის 03:00 საათზე დასრულდება ცერემონიალი]”, – ამბობს სალუქვაძენ ნეტგაზეთთან საუბარში.

კითხვას, რატომ არ წარმოადგინეს პრეზენტაციის დროს ზემოხსენებული ყაბალახი და ქამარი, იგი ასე პასუხობს:

“სამივეს ერთად ვერ ჩავაცვამვდით ამ სპორტსმენებს.  თუ იქნება სითბო და არა 14-16 გრადუსი, არის ვარიანტი, რომ ყაბალახი ან ქამარი გამოვიყენოთ ან ერთი ან მეორე და ან მესამე [წითელი] კოსტუმი [რომელიც აცვიათ]. გუშინ რადგან ქარი იყო შეხვედრაზე, ჩავცვით წითელი კოსტუმები. რომელ სპორტსმენს არ უხდებოდა? მათი არჩეულია ეს ყველაფერი. გადავუგზავნეთ სხვადასხვა ვარიანტი და ყველა სპორტსმენმა (უმრავლესობამ ძიუდოისტ ესტერ სტამს ვერ დავუკავშირდით მხოლოდ) აარჩიეს ეგ ვარიანტი. ასე არასდროს ყოფილა, რომ სპორტსმენისთვის ეკითხათ, რა სურდა მას. შევეკითხეთ სხვადასხვა ვარიანტი გადავუგზავნეთ”, – ამბობს სალუქვაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების საცერემონიალო ჩაცმულობამ ფეისბუკზე მომხარებლების საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია. იგი არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა. შეიქმნა პეტიციაც, რომელზე ხელმომწერებიც ფორმის შეცვლას ითხოვენ. კითხვას, პირადად მას თუ მოსწონს ეს ფორმები ნინო სალუქვაძე პასუხობს:

“მე სულ სხვა ვარიანტი მომწონდა, მაგრამ რადგან უმრავლეოსბამ აარჩია, შეიქმნა ეს. უნდა ყოფილიყო ან თანამედროვე ვარიანტი, ან ეროვნული. ახლა პირველი პრეცედენტია საქართველოს ისტორიაში, რომ ცერემონიალზე ეროვნული სამოსით, ეროვნული ორნამენტებით გვინდოდა გამოსვლა, რომელსაც ამ ქვეყანაში სამოსელი პირველი ქმნის. გახსნაზე ან გამოდიან სპორტული ფორმით ან გამოდიან კლასიკურ სტილში ან ნაციონალურ სტილში”, – აცხადებს იგი.

ნეტგაზეთმა სალუქვაძესთან საუბრამდე არაერთი ნაკრების საცერემონიალო ფორმა დაათვალიერა, რომლითაც ისინი რიოს ოლიმპიადის გახსნაზე აპირებენ გამოსვლას. ძირითადად არიან გუნდები, რომლებიც ოლიმპიადაზე სპორტული ფორმით გამოვლენ ან ე.წ. თანამედროვე ჩაცმულობის სტილით. თავიდან ბოლომდე ნაციონალური სამოსით [და არა გაკრვეული შტრიხებით] საქართველოს გარდა ამ ოლიმპიადაზე ჯერ არავინ შეგვხვედრია. რატომ გადაწყვიტა საქართველომ “ეროვნული ფორმით” ოლიმპიადის გახსნაში მონაწილეობა?

“იმიტომ, რომ ოლიმპიადაზე საქართველო არასდროს ყოფილა ნაციონალურ ტანსაცმელში და ამჯერად ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობის უმრავლეოსბით გადაწყდა ეს, თორემ მე შექმნილი მაქვს (ახლა მანქანაშიც მიდევს) ულტრა-თანამედროვე კოსტიუმები, რომელზეც ორი წლის წინ ვამუშავე ერთ-ერთი დიზაინერი და ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი და კარგი იქნებოდა, მაგრამ რადგან კოლეგიური კომიტეტის [ხელმძღვანელობის] უმრაველსობით [გადაწყდა]… იქ მარტო მე ხომ არ ვარ? უნდოდათ გაკეთებულიყო ნაციონალურ მოტივებზე და ალბათ იმტომ მივაედექით [სამოსელ პირველს ] რადგან ეს კომპანია ქმნის [ამ სტილის ტანსაცმელს] და უფრო მეტად გამოცდილია ამ სახის კოსტუმების შექმნაში.

მე  სულ სხვა მქონდა არჩეული, რადგან უმრავლესობის და ასევე სპორტსმენების მხრიდან იქნა არჩეული, ეს ფორმა შეირჩა”, – ამბობს სალუქვაძე.

მისივე თქმით, ახლა სრულიად ახალი ფორმის შექმნა ვერ მოესწრება, რადგან დელეგაციის ძირითადი ჯგუფი რიოში ხვალ მიემგზავრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი