საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი არა მხოლოდ ძალიან სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, არამედ რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ლიდერი, გლობალური მასშტაბით ანგარიშგასაწევი მოთამაშეა.
“აზერბაიჯანი, რომლის მართვაც თქვენ დაიწყეთ, იყო ძალიან პერსპექტიული ქვეყანა, იყო ჩამოყალიბების პროცესში მყოფი სახელმწიფო. ის აზერბაიჯანი კი, რომელსაც დღეს ვხედავთ, არის არა მხოლოდ ძალიან სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, არამედ მსოფლიო პოლიტიკის ფაქტორი, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, რომელიც 155 ხმით გავიდა და არავისთვის არ არის ადვილად ხელწამოსაკრავი, ან თუნდაც არასწორად მოსახსენიებელი ქვეყანა,” – განაცახადა სააკაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილხამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, “ჩვენი ურთიერთობა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი და იმედი, ისეთი გამონაკლისი, რომელიც სამაგალითო და მისაბაძი იქნება სხვებისთვის.”
“ჩვენ შევქმენით ალტერნატიული მოდელი იმისა, რაც ხდებოდა. რეგიონების ქვეყნები არათუ არ ეხმარებოდნენ ერთმანეთს პრობლემების გადაჭრაში, არამედ პირიქით, პრობლემებს უქმნიდნენ კიდეც მათ. ილჰამ ალიევის წყალობით ჩვენი ქვეყნები აგვარებენ პრობლემებს და მაგალითს აძლევენ სხვა ქვეყნებს, როგორი უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობა.
ჩვენი დღევანდელი შეხვედრების შედეგები სახეზეა. ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც ყოველთვის მიხარია ჩვენ ძმასთან, ილხამთან შეხვედრა, არის ის, რომ საკითხები წყდება სწრაფად, ოპერატიულად, ეფექტურად და შინაარსობრივად და მუდმივად ვნახულობთ გამოსავალს,” – აღნიშნა სააკაშვილმა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც ისაუბრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების შესახებ.
“ქართველები და აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით კეთილმეზობლობისა და ძმობის ატმოსფეროში და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ შესანიშნავ ტრადიციას. მივესალმები ამ ორი ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, ერთობლივ წარმატებულ მუშაობას,” – განაცხადა ილხამ ალიევმა.
პრეზიდენტებმა ასევე ისააუბრეს მხარეებს შორის განხორციელებული პროექტების შესახებ. მათ ყურადღება გაამახვილეს და მნიშვნელოვანი უწოდეს ბაქო-თბილისი-ერზერუმისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტებს. ამ პროექტების წყალობით რეგიონში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
“ჩვენ გვაქვს რკინიგზის დიდი პროექტი. ამ პროექტის განხორციელებისთვის მარტო წელს აზერბაიჯანის მხრიდან 320 მილიონი დოლარი იდება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ რკინიგზაზე ივლის როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო შემადგენლობები და წელს უკვე საცდელი მატარებლებიც გავა.
ეს არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში, ჩვენი რეგიონის ფანჯარა ევროპაში.
ყარსი–თბილისი–ახალქალაქის რკინიგზით, თანამედროვე ვაგონებით, უახლოეს წლებში 2 მილიონი ადამიანის გადაადგილება იგეგმება ევროპის მიმართულებით – ე.ი. აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ევროპის მიმართულების დამაკავშირებელი რკინიგზით,” – განაცხადა სააკაშვილმა.
აზერბაიჯანის მეთაურმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიებმა დაიწყეს დიდი ინვესტიციების განხორციელება საქართველოს ეკონომიკაში. წინა წელიც ამ მხრივ ძალიან დადებითი აღმოჩნდა. სავაჭრო ბრუნვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სწრაფად იზრდება, ხოლო 2012 წელს კიდევ გაიზრდება.
“რაც შეეხება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ჩვენ ერთად კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება ნავთობისა და ბუნებრივი აირის სფეროში. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანმა ხელი შეუწყო და უზრუნველყო საქართველოს ენერგოუსაფრთხოება”, -აღნიშნა ილხამ ალიევმა.
” შევთანხმდით, რომ შევქმნით ელექტროენერგიის ერთობლივ კომპანიას, რომელიც ერთობლივად აწარმოებს ელექტროენერგიის ექსპორტს მესამე ქვეყნების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს
ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებაში, ე.ი. ახალი ჰესების მშენებლობაში საქართველოში დამატებით ჩაიდება აზერბაიჯანული ფული. ამით აზერბაიჯანი დაგვეხმარება, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქე დასაქმდეს და ახლი სამუშაო ადგილები შეიქმნას, ის სიმძლავრეები განვითარდეს და პოტენციალი გამოვიყენოთ, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სფეროში აქვს.
ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიღწეულია შეთანხმება, ფოთსა და ყულევს შორის კარბამიდის ძალიან მძლავრი ქარხანა აშენდეს. ეს პროექტიც ქალაქ ფოთისა და მიმდებარე დასახლებების ათასობით მცხოვრებს დაასაქმებს. ამ ქარხნის მშენებლობა წელსვე დაიწყება,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე აზერბაიჯანულ კომპანიებთანაც აქტიურად მუშაობს.
“მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე სხვებთან ერთად მუშაობს აზერბაიჯანული კომპანიები და ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია სწორედ აზერბაიჯანიდან არის.
ასევე საუკეთესო კომპანიაა „სოკარი“, რომელიც ენერგეტიკის სფეროში მუშაობს და უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში გაზიფიკაცია წელს „სოკარის” მიერ დაჩქარდება. ასევე, „სოკარის“ მიერ გახსნილი ახალი ცენტრები ხელს უწყობს იმ ადგილების განვითარებას, სადაც ეს ცენტრები იხსნება.
ამას გარდა, ბაქოდან ჩვენს საზღვრამდე უკვე მოდის ახალი თანამედროვე გზა. ჩვენი მხრივ, ვიწყებთ თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობას და ამ გზას აზერბაიჯანის საზღვრამდე გავაგრძელებთ. პრაქტიკულად, საქართველოს დედაქალაქი აზერბაიჯანის საზღვარს დაუკავშირდება ახალი ავტობანით. ასე რომ, ბაქო-თბილისის გზა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობის ძალიან კარგი ახალი დამაკავშირებელი მაგისტრალი იქნება,” – განაცხადა სააკაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი გააგრძელეებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს არის ძალიან გულწრფელი და არსებითი მხარდაჭერა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ერთმანეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობას. შემიძლია ვთქვა, რომ აზერბაიჯანი გააგრძელეებს საქართველოს მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსს მხარდაჭერას მივიღებთ თქვენგან”, – განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 მარტს აზერბაიჯანს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.