ახალი ამბები

ბურჯანაძე საქართველოში გულენის სახელთან დაკავშირებული სასწავლებლების დახურვას ითხოვს

21 ივლისი, 2016 • 1245
ბურჯანაძე საქართველოში გულენის სახელთან დაკავშირებული სასწავლებლების დახურვას ითხოვს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, 21 ივლისს, პარტიის სათავო ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში არსებული ყველა იმ სასწავლებილის მინიმუმ ერთი წლით დაუყოვნებლივი დახურვა მოითხოვა, რომლებიც, მისი თქმით, შესაძლოა ფეტულა გიულენის სახელს უკავშირდებოდეს.

„უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ სასწავლებლებთან დაკავშირებულ საკითხს და ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა მათ მიმართ არსებული პრეტენზიის თაობაზე, სასწავლებლებს ლიცენზია უნდა შეუჩერდეს”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემიზქანმა, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას ტელეარხ 25-ის ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან. კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით. ფეტულა გულენს კი თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით, 18 ივლისს, თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში. “მეორე მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში”, – დასძინა თურქეთის ელჩმა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ის ბრალდებები, რომლებიც კონკრეტულ სასწავლებლებთან დაკავშირებით ისმის, ძალიან სერიოზულია და საკითხი “უშიშროების სამინისტრომ” უნდა შეისწავლოს. “რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს განათლების სამინისტრო”, – ნათქვამია განცხადებაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, 18 ივლისს გამოეხმაურა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებას, რომ “ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან”, და განაცხადა, რომ ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ ინფორმაციის დადასტურება გახდება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი.

“ასევე მინდა საგანგებოდ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ მე ძალიან კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის კეთილმეზობლური, ნორმალური და სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთთან. ამასთანავე, არის ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, მაქსიმალურად დაცული იქნას საქართველოს ეროვნული ინტერესები. მე კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისაგან ჩემს ამ ინიციატივაზე და მიმართვაზე პასუხს იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე”, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა. სკოლაში პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური, მესამე კლასიდან – თურქული, მეხუთე კლასიდან კი – რუსული ენა. შაჰინის სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი