ახალი ამბები

ოპოზიციონერი ლიდერები მელიას დაკავებას დიქტატურის წინაპირობად აფასებენ

23 თებერვალი, 2021 • 847
ოპოზიციონერი ლიდერები მელიას დაკავებას დიქტატურის წინაპირობად აფასებენ

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურნენ და კანცელარიასთან აქცია დააანონსეს. სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები მელიას დაკავებას დიქტატურის დამყარების წინაპირობად აფასებენ და ხალხს დღეს, 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ნიკა მელიას დაკავება მოსალოდნელი იყო. მისი შეფასებით, მელიას დაკავების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა მიიღეს, რითაც “საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად”:

“როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც ყველა ველოდებოდით, დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ საბჭოთა არმიის დაბადების დღეს საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი იმისთვის, რომ დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

მაგრამ მე მინდა ყველას მივცე პირობა, რომ ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენი სამშობლოც იქნება თავისუფალი და ეს იქნება ძალიან მალე. შესაბამისად, როდიონოვების, გავრილოვების, რუსების, ბოლშევიკების, ოლიგარქების არ გვეშინია. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე” — განაცხადა დეკანოიძემ.

მან ასევე საზოგადოებას დღეს დაგეგმილ აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდა:

“ვისაც ამ ქვეყნის ბედი გადარდებთ, ვისაც გადარდებთ ჩვენი შვილების ბედი, მობრძანდით 3 საათზე კანცელარიასთან. ჩვენ ვიქნებით იქ, გელოდებით იქ და აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის”, — განაცხადა დეკანოიძემ.

ნიკა მელიას დაკავება ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებად შეაფასა “ევროპული საქართველოს” ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამაც. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევის პროცესში შენობაში მყოფი ადამიანები სასწრაფო დახამრებას ითხოვდნენ, თუმცა ამას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია:

“ბიძინა ივანიშვილმა მორიგი უდიდესი გამოწვევა გაუკეთა ქართველ ხალხს, საკუთარ მოქალაქეებს, რომლებსაც ზიზღით და ძალადობით მოუგზავნა პოლიციელების უამრავი რაოდენობა და პრაქტიკულად დაარბიეს ხალხი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ადამიანები ითხოვნდნენ სასწრაფოს და არანაირი რეაგირება არ იყო.

ეს იყო ის სისატიკე, რომელიც ღარიბაშვილის ხელით ბიძინა ივანიშვილმა დაგვიანონსა. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, ჩვენ ვართ ერთიანები, მშვიდები, პრინციპულები და ვაგრძელებთ დაუმორჩილებლობას”, — განაცხადა ხოშტარიამ.

“ევროპული საქართველოს” კიდევ ერთი ყოფილი წევრის, გიგი უგულავას თქმით კი, ნიკა მელიამ საზოგადოებას ბრძოლის მაგალითი მისცა, ახლა კი ოპოზიციის ვალი ბრძოლის გაგრძელებაა:

“ციხე ტრაგედია არ არის, ციხე ადამიანს აძლიერებს, ნიკამ თითოეულ ჩვენგანს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ადამიანებს, ვისაც თავისუფლება უყვართ და ვინც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ბრძოლის მაგალითი მოგვცა. ის იყო მშვიდი და მტკიცე. ჩვენი ვალია, რომ დროშა არ დაეცეს ძირს, ჩვენი ვალია, რომ ბრძოლა გაგრძელდეს.

დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა ჯარის დღე, და როდიონოვმა, ივანიშვილმა და მისმა ცახესმა დაამყარეს საბჭოთა დიქტატურა. ის, რაც დღეს აქ მოხდა, არის სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქა, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა, სამწუხაროდ, დიდი ხანი იქნება ჩამოურეცხავი”, — განაცხადა უგულავამ.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებოდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერიაც. მისი განცხადებით, მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მსგავსი ფორმით დაკავებაზე საზოგადოების სწორი პასუხი მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი უნდა იყოს, რომელიც იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ “ქართული ოცნება” არ წავა ხელისუფლებიდან.

“ეს [პროტესტი] არის ჩვენი საზოგადოების პრაგმატული და მორალური ვალი. იმის შემდეგ, როცა ასეთ ნაბიჯს დგამენ იმ გათვლით, რომ ამით საზოგადოებას დააშინებენ, ჩვენი ვალია, რომ ახლა მივცეთ რეაქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენზე უფრო ნაკლებად სახიფათო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები ჩავარდნილან დიდი ხნით ავტრიტარიზმის ჭაობში. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი. ამიტომ არის აუცილებელი აქციები”, — განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, დღეს, 3 საათზე, კანცელარიასთან შეკრებილი ოპოზიციის წევრები მომდევნო აქციების შესახებაც იმსჯელებენ. მისი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ “არ იქნება ის შედეგი, რაც ქვეყანას სჭირდება”.

“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით კი, მელიას მსგავსი ფორმით დაკავება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობას და ქმნის შანსს, რომ საქართველო “გახდეს რუსეთის გუბერნია”.

“მგონი, ჩვენმა მოქალაქეებმა ცოტა ფართო სურათი უნდა დაინახონ, რა ხდება რეგიონში, რა პროცესები ვითარდება. ეს, რაც დღეს აქ მოხდა, არ არის შემთხვევითობა. ამიტომ, კატეგორიულად ვემიჯნები იმ რიტორიკას, რომ “9 წელი”, “მეორე 9 წელი”, გავიხედოთ მომავალში. მომავლის არჩევანი არის ძალიან მკაფიო — ან გავხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი, და არამხოლოდ 20%, არამედ ყველაფერი იქნება ოკუპირებული, რომ ვერც გავიგებთ ისე, ან ჩვენ გავხდებით ცივილური, დასავლური, ნორმალური, სამართლიანი სამყაროს ნაწილი”, — განმარტა ხაზარაძემ.

მისი განცხადებით, მიუხედავად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან არსებული სხვაობებისა, დღეს მათ საერთო იდეა აერთიანებთ და “დღევანდელი დღიდან შეუპოვარი ბრძოლა დაიწყება დემოკრატიისთვის, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისკენ, რადგან ერთი კაცის და მისი დამქაშების დრო დამთავრდა ამ ქვეყანაში”.

სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად განცხადება გააკეთა “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემაც. მისი განცხადებით, საქართველოში “ივანიშვილ-ღარიბაშვილის დიქტატურა მყარდება”, რის წინააღმდეგაც ქვეყნის მოსახლეობამ ხმა უნდა აიმაღლოს “არა ნიკა მელიას, არა ჩემი, არა იმ ადამიანების ვინც აქ ვდგავართ, თქვენი შვილების მომავლისთვის”.

“გინდათ, ღარიბაშვილის დიქტატურაში გაიზარდონ და იცხოვრონ თვენმა შვილებმა? მაშინ ჩვენ ღირსება არ გვქონია. საერთოდ ყველანაირი დიქტატურა მიუღებელია, მაგრამ კომიკური დიქტატურა კიდევ უფრო დიდი უბედურებაა”, — განაცხადა ბურჯანაძემ.


დღეს, 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს. მელია პოლიციელებმა სპეციალური მანქანით უკვე წაიყვანეს.

მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, ენმ-ის ოფისის შტურმისას, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ნიკა მელია დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი