ახალი ამბები

ერთადერთი ადამიანი რუსეთში, ვისაც პოზიტიური და ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ვლადიმერ პუტინია – ბურჯანაძე

16 მარტი, 2021 • 1311
ერთადერთი ადამიანი რუსეთში, ვისაც პოზიტიური და ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ვლადიმერ პუტინია – ბურჯანაძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსულ რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან“ ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ერთადერთი ადამიანია რუსეთში, ვისაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენის ქონა შეუძლია, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური კუთხით.

ჟურნალისტის კითხვაზე — „ნანობთ თუ არა, პუტინს რომ ხელი ჩამოართვით“, ბურჯანაძემ ასე უპასუხა:

„არა, რა თქმა უნდა, არ ვნანობ. მიმაჩნია, რაც არ უნდა რთული იყოს, რუსეთთან ლაპარაკი საჭიროა. რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი ადამიანი რუსეთში, ვისაც პოზიტიური და ნეგატიური გავლენის ქონა შეუძლია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ნამდვილად ვლადიმერ პუტინია.

ამიტომ მიმაჩნია, რომ თუ ხალხს საქართველოში რეალურად სურს შეცვალოს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკა, რა თქმა უნდა, უნდა ესაუბრონ ადამიანს, რომელსაც რეალურად შეუძლია გავლენა იქონიოს ამ პოლიტიკაზე. ამიტომ მე ვთვლი, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის შესაძლებლობა მხოლოდ პოზიტიურია“.

ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვაზე — „ხედავთ თუ არა აშენების, ან, ასე ვთქვათ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას, თუ 2008 წლის ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ გზა უკან აღარ არსებობს“, ბურჯანაძემ ასე უპასუხა:

„იცით, ეს რთულია. სამწუხაროდ, ეს ძალიან რთულია. 2008 წელი, რა თქმა უნდა, ტრაგიკული მომენტი იყო და [რუსეთის მიერ] აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დამოუკიდებლობის] აღიარება ჩვენთვის კატასტროფა იყო. არაერთხელ მითქვამს მოსკოვში და რუს პოლიტიკოსებთან საუბარში, რომ ეს რუსეთის მხრიდან დიდ შეცდომად მიმაჩნია. ამან ჩიხში მიგვიყვანა. საერთოდ არ მესმის, რა საჭირო იყო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება.

ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მძიმე მომენტია, რადგანაც საქართველოში არავინ და არასდროს არ დათანხმდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას. გაიგეთ, რომ ეს ჩვენი ნაწილია. არ უარვყოფ, რომ ეს აფხაზებისა და ოსების მიწაცაა, ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მაგრამ ეს ჩვენი საერთო მიწაა.

სანამ ეს საკითხი იდგება რუსეთსა და საქართველოს შორის, სამწუხაროდ, სირთულეები ყოველთვის გვექნება. <…> თუ რუსეთი ითამაშებს პოზიტიურ როლს კონფლიქტის დარეგულირებაში, გარწმუნებთ, მაშინ ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის სულ სხვანაირი იქნება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი