“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში 261 მუხლისა და პარტიასთან დაკავშირებული პირის მცნების ახლებური ფორმულირება მოხდება.
ეს ის მიღწევაა, რაც დღეს კამპანია “ეს შენ გეხება!”–ს ფარგლებში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის (კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“–ს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდი”–სა და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”) წარმომადგენლების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან შეხვედრაზე გადაწყდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის, დირექტორი ლუის ნავარო.
თუმცა ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა – შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ზუსტი ფორმულირება შეხვედრაზე მიღებული არ ყოფილა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი საინტერესოდ მიიჩნევს ამ შეხვედრას და აღნიშნავს, რომ ცვლილებების მიუხედავად, კანონის სულისკვთება იგივე დარჩება.
“მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო. ბევრი საკითხი, რომელიც ამ წინადადებაში არის, იგივე მიმართულებისაა, რაც არის ზოგადად სულისკვეთება კანონის. კანონის სულისკვეთება არის იმაში, რომ ნებისმიერი პოლიტიკური სახის ფინანსები უნდა იყოს გამჭვირვალე, ყველანაირი გზა კანონისთვის გვერდის ავლის უნდა იყოს შეზღუდული, სანქციები უნდა იყოს ისეთი, რომ ეს ზღუდავდეს და არ უბიძგებდეს ადამიანს კანონის დარღვევისკენ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც ის ფორმულირებები, რომელიც წარმოდგენილია არასამთავრობოების მიერ, მისაღებია. ამ ნაწილში, თუ ეს მათთვის არის მისაღები, ჩვენ მზად ვართ, ნაბიჯი გადავდგათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არც ერთი ცვლილება, რომელიც შევა კანონში, არ დაარღვევს იმ მთავარ მიზანს, რაც ჩვენ გვქონდა ამ კანონის მიღების დროს. ჩვენი მთვარი მიზანი არის გამჭვირვალობა პოლიტიკური პარტიების ფინანსების, “ – აღნიშნავს კუბლაშვილი.
მისივე განცხადებით, მოხდება პარტიასთან დაკავშირებულის პირის მცნების საკითხის დაზუსტება და 261 მუხლიც გადაიხედება.
“დაკავშირებულის მცნების საკითხის დაზუსტებაზეც ვიმსჯელეთ. 261 მუხლთანაც გვაქვს რაღაც ახალი მოსაზრებები, რომელთა ნაწილიც მისაღებია, შემდეგ კვირას ამ საკითხზე არასამთავრობოები დამატებით წარმოგვიდგენენ თავიანთ პოზიციებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაზუსტდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებული საკითხები. შევთანხმდით, რომ დღეს მოქმედი რედაქციაც არ ქმნის ამ მხრივ პრობლემებს, უფრო მეტიც, არასამთავრობოების მიერ წარმოდგენილ რედაქციაში არაფერი ამაზე ნათქვამი არ იყო. ვინაიდან ასეთი წუხილები არსებობს, ჩვენ მზად ვართ, აქაც დავაკონკრეტოთ ფორმულირებები,” – აღნიშნავს კუბლაშვილი.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რამ განაპირობა ხელისუფლების მხრიდან დათმობაზე წასვლა, კუბლაშვილმა უპასუხა: “ძალიან ცუდია, თუ ვინმე ამას აღიქვამს დათმობად ან მსგავს ფორმულირებად. მარტივი რაღაც შეგვიძლია ვთქვათ, კანონის მიზნები რჩება იგივე, ყველა პარტია ვალდებულია, თავისი ფინანსები გახადოს გამჭვირვალე, ნებისმიერ სხვა იურიდიულ პირს, რომელიც არ არის პარტიის ფორმით ჩამოყალიბებული, ეკრძალება შემოწირულობების გაკეთება და მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში,” – განაცხადა კუბლაშვილმა და აქვე დასძინა, რომ 261 მუხლი არ უქმდება, უბრალოდ მოხდება ამ მუხლის ახლებური რედაქციით დაწერა. დაკავშირებულ პირებს აკრძალვები ექნებათ არა შემოსავლებზე, არამედ ხარჯებზე. პოლიტიკაში ფული უნდა ხარჯოს მხოლოდ პარტიამ და მხოლოდ იმ ფონდიდან, რომელიც მას გააჩნია.
მან ასევე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, კონტროლის პალატის ფუნქციებიც გადაიხედოს.
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირობა დადო, რომ 261 მუხლი შეიცვლება და მოხდება ამ მუხლის ახლებური ფორმულირება.
“რა ცვილილებები იქნება, ეს მომავალ კვირაში უფრო დაკონკრეტდება. 261 მუხლი შეიცვლება, მაგის პირობას გაძლევთ, ყოველ შემთხვევაში, ამ საუბრებიდან გამოჩნდა, რომ ეს ასე მოხდება. იმდენად 261 მუხლზე არ არის საუბარი, რამდენადაც უფრო რთული პოზიციები არის იმ მუხლებში, სადაც პარტიების დაფინანსებაზეა საუბარი. რამდენადაც დასკვნა გავაკეთე, დაკავშირებული პირების – იურიდიული და ფიზიკური პირების ცნება კანონში აღარ იქნება,“ – განაცხადა მელაშვილმა.
მისივე თქმით, სანქციები და შეზრუდვები შეიძლება დაუწესდეთ მხოლოდ იმათ, ვინც ხარჯავს ფულს და არა ის, რომ ვიღაცას პოლიტიკური სიმპათიები აქვს გაცხადებული. მისი ხარჯები უნდა იყოს პირდაპირ დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიის ხარჯებთან, ანუ ის უნდა აფინანსებდეს პოლიტიკური პარტიის კამპანიას.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში განმარტებულია მათი პოზიცია და 261 მუხლის შეცვლის მიზეზი. არასამთავრობოების განმარტებით, არსებული ნორმები ცხადყოფს, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განცხადება, ან პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის მიზნით გაკეთებულ მოწოდება მიიჩნევა საკმარის საფუძვლად, პირი დაექვემდებაროს მნიშვნელოვან შეზღუდვებს, რაც არღვევს გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთრების უფლებას.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2012 წლის 17 თებერვალს კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს.