ახალი ამბები

იყო თუ არა თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი აჯანყების ორგანიზატორი

18 ივლისი, 2016 • 1334
იყო თუ არა თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი აჯანყების ორგანიზატორი

თურქეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფ საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუზე” დაყრდნობით BBC იუწყება, რომ თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, აკინ ოზტურკმა აღიარა, რომ თურქეთში მომხდარი შეიარაღებული სამხედრო გადატრიალება დაგეგმა. BBC-ს ცნობითვე, საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს ტელეკომპანია NTV.

15 ივლისს, გვიან ღამით, თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ანკარაში პარლამენტის შენობას რამდენჯერმე ესროლეს ბომბები, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი ჰქონდა სტამბულშიც, თუმცა ხელისუფლებამ მალევე განაცხადა, რომ სიტუაცია მეტწილად კონტროლს ექვემდებარებოდა. გადატრიალების მცდელობას მინიმუმ 232 ადამიანი ემსხვერპლა, 1400-მდე კი დაიჭრა.

გენერალი აკინ ოზტურკი, BBC-ის ცნობით, აქამდე უარყოფდა გადატრიალების მცდელობაში რაიმე ფორმით მონაწილეობას და ამბობდა, რომ მის შესაჩერებლად იბრძოდა. დღეს კი, როგორც “ანადოლუმ” დაწერა, გენერალმა აღიარა, რომ “გადატრიალების მოწყობის მიზნით მოქმედებდა”.

BBC ასევე წერს, რომ ტელეკომპანია NTV-მ მისი ციტატა ასე გაავრცელა: “მე არა ვარ ის, ვინც დაგეგმა ან მართავდა გადატრიალებას. არ ვიცი, ეს ვინ იყო”.

“ანადოლუ”, BBC-ის ცნობით, ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აკინ ოზტურკი ერთ-ერთი იყო იმ 112 გენერალსა და ადმირალს შორის, რომელიც გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს.

აკინ ოზტურკი. მას სახეზე დაზიანებები ეტყობა. 18.07.2016. ფოტო: საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ".

აკინ ოზტურკი. მას სახეზე დაზიანებები ეტყობა. 18.07.2016. ფოტო: საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს, 18 ივლისს, დაახლოებით 9000 ოფიცერი დაითხოვა სამსახურიდან, ეს პროცესი კი, BBC-ის ცნობით, გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებაში ეჭვმიტანილი ოფიციალური პირების “წმენდის” ნაწილია.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ამ დროისათვის 6000 სამხედრო პირი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით უკვე დააკავეს. დაკავებული თანამედებობიდან გაათავისუფლეს ასევე 3000-მდე მოსამართლე და პროკურორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი