ახალი ამბები

ზვიად ჯანყარაშვილი VS ირაკლი კორძაია – სასამართლოში საქმის განხილვა ოქტომბერში განახლდება

15 ივლისი, 2016 • 2736
ზვიად ჯანყარაშვილი VS ირაკლი კორძაია – სასამართლოში საქმის განხილვა ოქტომბერში განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ასმათ კოხრეიძე განიხილავს “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელს ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას წინააღმდეგ. დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ მომდევნო სხდომა 21 ოქტომბერს გაიმართება.

“ერთი წლის წინ ირაკლი კორძაიამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაავრცელა სიმართლესთან შეუსაბამო, ცრუ ცნობები და ბესიკ ხარძიანის მკვლელობა ირიბად დაუკავშირა ზვიად ჯანყარაშვილის სახელსა და გვარს. მან განაცხადა, რომ ბიზნესინტერესები ჰქონდათ გიორგი უდესიანთან, შესაბამისად, ის ხელს უშლიდა გამოძიებას და წართმეული ქონების დაბრუნებას. რაც, ბუნებრივია, არის სიცრუე,”, – ამბობს ჯანყარაშვილის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანს თბილისში, საკუთარ სადარბაზოში, 2015 წლის 28 მარტს ესროლეს. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2016 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ოლექსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს, შემდეგ კი საქართველო სარფის გავლით დატოვეს.

ხარძიანის მკვლელობის დღეს, 28 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეში, გიორგი უდესიანის გარდა, ლაშა ნაცვლიშვილი (“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე იკავებდა მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობას) და ზვიად ჯანყარაშვილი (პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილი, რომელსაც ეკავა შსს გენინსპექციის უფროსისა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის თანამდებობები) ფიგურირებდნენ.

ბესარიონ ხარძიანი

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანს თბილისში, საკუთარ სადარბაზოში, 2015 წლის 28 მარტს ესროლეს. ის მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ზვიად ჯანყარაშვილი – საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილი – 2014 წლის 6 ოქტომბერს “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. მანამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. ეს თანამდებობა  2014 წლის 15 აპრილამდე ეკავა – მანამ, სანამ თანამდებობიდან საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგებოდა.

“ირაკლი კორძაიამ ასევე განაცხადა, რომ მას აქვს შესაბამისი მტკიცებულებები. მან მტკიცებით ფორმაში საზოგადოებას, ამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სენსიტიურ საკითხზე მიაწოდა შეგნებულად ცრუ ინფორმაცია. როგორც ვხედავთ, დღევანდელ პროცესზე მას არანაირი მტკიცებულება არა აქვს წარმოდგენილი. მის განცხადება იყო მხოლოდ და მხოლოდ განცხადება განცხადებისთვის. ესოდენ სერიოზული დანაშაულის დაბრალება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც პატივი და ღირსება გააჩნია, ძალიან მძიმეა. სწორედ ამიტომ, ჩვენ აღვძარით სამოქალაქო სარჩელი და ცივილურად, სასამართლო წესით, ვითხოვთ ამ ცნობების უარყოფას იმ საშუალებებით, როგორც მან ეს გაავრცელა”, – უთხრა ნეტგაზეთს დიმიტრი გაბუანიამ, ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატმა.

2016 წლის 12 ივლისს კორძაიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა “პენ ინთერნეიშენალი” – საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც ლიტერატურასა და გამოხატვის თავისუფლების განვითარებას უწყობს ხელს და მოუწოდა საქართველოს ოფიციალურ პირებს, მოუხსნან კორძაიას ყველა ბრალდება.

“მიუხედავად იმისა, რომ “პენ ინთერნეიშენალისათვის” საქმის დეტალები უცნობია, როგორც ჩანს, კორძაიას ედავებიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 და მე-18 მუხლების დარღვევაში”, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანონის მე-14 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

მე-18 მუხლის მიხედვით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება. ჯანყარაშვილი კორძაიასაგან მორალური ზიანის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას, 5000 ლარს ითხოვს.

ირაკლი კორძაიას ადვოკატი, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი, გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ სადავო გახდა კორძაიას ორი ფრაზა, რომელიც კორძაიამ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემაში წარმოთქვა: “ის, რომ ჯანყარაშვილს გია უდესიანთან ჰქონდა ბიზნესინტერესები და ზვიად ჯანყარაშვილი ხელს უშლიდა ქონების ბესიკ ხარძიანისათვის დაბრუნებას”.

გიორგი გოცირიძე თვლის, რომ პირად ინტერესებთან და ბიზნესინტერესებთან დაკავშირებული საკითხები შეფასებითი მსჯელობის კატეგორიაში შედის. “ეს არის ძალიან ზოგადი ფრაზა და არ შეიძლება, ის ფაქტად მივიჩნიოთ. ეს არის მოსაზრება – ამ შემთხვევაში, ირაკლი კორძაიას მოსაზრება”, – ამბობს გოცირიძე.

გიორგი გოცირიძე, ირაკლი კორძაიას ადვოკატი, "საიას" წარმომადგენელი. 15.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

გიორგი გოცირიძე, ირაკლი კორძაიას ადვოკატი, მიიჩნევს, რომ ირაკლი კორძაიას ფრაზები არ შეიძლება ფაქტად მივიჩნიოთ. ფოტოზე: გიორგი გოცირიძე. “საიას” ადვოკატი. 15.07.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

გოცირიძის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. “ეს გულისხმობს, რომ თუკი ჟურნალისტი ან ნებისნიერი მოქალაქე გამოთქვამს მოსაზრებას, ის ამის გამო პასუხისმგელობას არ უნდა დაექვემდებაროს. ის სრულად თავისუფლდება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან იმიტომ, რომ აზრი არის აბსოლუტური პრივილეგიით დაცული”, – განმარტავს ადვოკატი.

“რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ ზვიად ჯანყარაშვილი ხელს უშლიდა გამოძიებას, – ეს არ იყო ირაკლი კორძაიას მიერ მოგონილი გარემოება, ამის შესახებ გარდაცვალებამდე განაცხადა ბესო ხარძიანმა. როდესაც ირაკლი კორძაია ამ განცხადებას აკეთებდა, ის იმეორებდა რესპონდენტის სიტყვებს. ჟურნალისტი როდესაც იმეორებს რესპონდენტის სიტყვებს, არ შეიძლება ამის გამო დააკისრო პასუხისმგებლობა”, – ამბობს გოცირიძე.

ირაკლი კორძაია, ჟურნალისტი, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, ამჟამად “იუტუბზე” ბლოგებსა და ინტერვიუებს აქვეყნებს, ზვიად ჯანყარაშვილის სარჩელს არ ეთანხმება.

“მე იმავე აზრზე ვარ: ვფიქრობ, რომ ბესო ხარძიანის საქმის გამოძიებას, როგორც ქონების დაბურნების ნაწილში, ასევე ქონების ძალადობრივად მიტაცების ნაწილში, აყოვნებდნენ ლაშა ნაცლიშვილი და ზვიად ჯანყარაშვილი. ეს დამტკიცდა იმით, რომ რამდენიმე თვის გადაყენებულია ირაკლი ღარიბაშვილი და მაისის თვეში პროკურატურამ ბრალი წარუდგინა გიორგი უდესიანს, როგორც მთავარ ფიგურას ბესო ხარძიანის საქმეში”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კორძაიამ.

ბესარიონ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის გამო დააკავეს, ციხიდან 2012 წლის დეკემბერში გამოვიდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას ქონება უკანონოდ წაართვეს და მის დასაბრუნებლად იბრძოდა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 5 მაისს ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ბრალდებით გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ირაკლი კორძაია, რომელიც, როგორც თავად ამბობდა, მოსალოდნელი საფრთხის გამო საქართველოდან 2015 წლის 18 მაისს წავიდა, თბილისში მალევე, 31 მაისს, დაბრუნდა. იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობდა, რომ ბერლინში მას თბილისიდან ტელეფონით დაუკავშირდა ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელმაც უსაფრთხოების გარანტია მისცა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

კორძაია ამჟამად ამბობს, რომ ხსენებული ადამიანი ახლაც “ძალიან გავლენიანია”, ბიძინა ივანიშვილთან დაახლეობული. “ის სამი დღის განმავლობაში მეუბნებოდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში არანაირი დისკომფორტი არ შემექმნებოდა, ხოლო ის ფაქტი, რომ დღეს მე აქ ვარ, ჯანყარაშვილი “მსხვერპლია” და მე “კაციჭამია”, ნიშნავს, რომ მან პირობა არ შეასრულა”, – უთხრა 15 ივლისის სასამართლო სხდომის შემდეგ ირაკლი კორძაიამ “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი