ნეტგაზეთი | რატომ ასაჩივრებენ პარტიები უფასო საარჩევნო სარეკლამო დროის განაწილების ახალ პრინციპს რატომ ასაჩივრებენ პარტიები უფასო საარჩევნო სარეკლამო დროის განაწილების ახალ პრინციპს – Netgazeti

რატომ ასაჩივრებენ პარტიები უფასო საარჩევნო სარეკლამო დროის განაწილების ახალ პრინციპს

ინტერპარტიული ჯგუფი უფასო სარეკლამო დროით სარგებლობასთან დაკავშირებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, ვინაიდან აღნიშნულ ჯგუფში შემავალი პარტიები მიიჩნევენ, რომ ამით საარჩევნო გარემო გაუარესდა.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში გაასაჩივრებენ აღნიშნულ კანონს:

“მთავარი პრობლემა არის საეთერო დროსთან დაკავშირებული ცვლილება. რამდენიმე საარჩევნო სუბიექტს გაუუარესდა მდგომარეობა, რაც პირდაპირ  ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და აუარესებს საარჩევნო გარემოს. კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა გაუუარესდეს მდგომარეობა, ეს კანონი კი აუარესებს მდგომარეობას საეთერო დროის თვალსაზრისით,”- ამბობს ზურაბ ხარატიშვილი,  პარტია “სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი, რომელიც ინტერპარტიული ჯგუფის წევრია.

ცვლილებების შეტანამდე უფასო სარეკლამო დროით სარგებლობდა პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო, ან რომელმაც ბოლო  არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო. შესაბამისად, აქამდე უფასო სარეკლამო დროით სარგებლობდნენ “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”,  “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”  და “ლეიბორისტული პარტია”.   ახალი კანონის თანახმად  კი, უფასო სარეკლამო დროით ასევე ისარგებლებენ “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი”, “კონსერვატორები” და “მრეწველები”, რომლებიც იყვნენ კოალიცია ქართული ოცნების წევრები.

“ამ ცვლილებების მომზადების მიზეზი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ჩათვალა, რომ არაკონსტიტუციურია საარჩევნო ბლოკის დანარჩენი წევრებისთვის უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლების არქონა. თუმცა, გარკვეულწილად, ძველი წესით განსაზღვრულ პარტიების ნაწილს შეიძლება ჰქონდეთ უსამართლობის განცდა იმ მხრივ, რომ მათ დრო შეუმცირდათ,”- განმარტავს ირმა პავლიაშვილი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი.

ძველი კანონის თანახმად,  საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე, სათემო მაუწყებელი, ვალდებულნი იყვნენ, თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის უფასო საარჩევნო რეკლამისთვის ყოველ საათში გამოეყოთ 60 წამი, ხოლო ცვლილების მიხედვით, თითოეულ კვლაფიციურ სუბიექტს ამ მაუწყებლებში ეს დრო შეუმცირდა 27 წამამდე, ვინაიდან ახალი კანონით კვალიფიციური სუბიექტების რაოდენობა გაიზარდა და ამ შემთხვევაში ნაცვლად ხუთისა, უკვე 11-ია.

გარდა ამისა, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი, ძველი კანონის შესაბამისად, თითოეული კვალიფიციური სუბიექტისთვის ყოველ 3 საათში 90 წამს გამოყოფდა, ახალი ნორმით კი  ყოველ 3 საათში არანაკლებ 7,5 წუთი უნდა გამოყონ ყველა კვალიფიციური სუბიექტისთვის, ანუ თითოეულისთვის – სამ საათში დაახლოებით 40 წამი.

ეს ცვლილებების შევიდა “საარჩევნო კოდექსში”, რომელიც 22 ივნისს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 79 ხმით დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.  “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ პრეზიდენტი თანახმა იყო კანონისთვის ვეტო დაედო. მისი მტკიცებით, ინტერპარტიულმა ჯგუფმა მოტივირებული შენიშვნებიც მოამზადა, რომლებიც პრეზიდენტს პარლამენტისთვის უნდა გადაეგზავნა:

“ძალიან გადაჭარბებული აღმოჩნდა მოლოდინი პრეზიდენტის პრინციპულობასთან დაკავშირებით. მისი დაპირება, რომ წინ აღუდგებოდა ამ კანონით გათვალისწინებულ უსამართლობას, მხოლოდ ბაქი-ბუქი აღმოჩნდა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კონსტიტუციას არ შეესაბამება. როგორც გავარკვიეთ, როდესაც პრეზიდენტი ხათრით არის არჩეული, ის კრიტიკულ მომენტებში ხელისუფლებას ხათრს ვეღარ უტეხავს ხოლმე. ის პასუხისმგებელია იმაზე, რომ ქვეყანაში საარჩევნო გარემო გაუარესდა,”- აღნიშნავს ახვლედიანი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილი ინტერპარტიულ ჯგუფს კანონისთვის ვეტოს დადებას არ დაჰპირებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.