ახალი ამბები

პარლამენტმა უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული კანონპროექტი დაამტკიცა

22 ივნისი, 2016 • 1616
პარლამენტმა უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული კანონპროექტი დაამტკიცა

დღეს, 22 ივნისს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 79 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებს პარლამენტის რეგლამენტსა და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ კანონში.

კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ამასთანავე, არ გაზრდილა მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა.

კანონპროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის/გამგებლის არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს მიეცა მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება.

“პრობლემურია საინიციატივო ჯგუფების საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საკითხი, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ სამართლებრივი სტატუსი. პროექტის თანახმად, ანგარიშის გახსნის საფუძველი იქნება კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განკარგულება,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ხოლო  ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა;  კანდიდატისა;  საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;  დამკვირვებლისა. კანონპროექტის თანახმად, ამ ჩამონათვალს ემატება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი