„ევროკავშირს აქვს საკმარისი ნავთობის მარაგი იმისთვის, რომ ირანის ნავთობი 4 წლის განმავლობაში არ გამოიყენოს“ – ეს განცხადება ევროკომისიის პრესმდივანმა მარლენ ხოლცნერმა გააკეთა.
გუშინ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის 27 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ირანულ ნავთობზე ემბარგოს დადების გადაწყვეტილება მოიწონეს. მიღებული სანქციების თანახმად, პირველი ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ნავთობს თეირანისგან ყიდულობენ, იმპორტზე უარს იტყვიან. ამ დროისათვის ევროკავშირის ქვეყნებისთვის ირანული ნავთობის იმპორტის ალტერნატივა არ ჩანს.
ირანის ნავთობის ძირითადი ექსპორტი აზიის ქვეყნებზე მოდის. ევროპაში ყველაზე მსხვილი შემსყიდველები იტალია და ესპანეთი არიან. ყოველდღიურად ირანი 2 200 000 ბარელი ნავთობის ექსპორტს ახდენს. მსოფლიოში ირანული ნავთობის ყველაზე დიდ რაოდენობას, დღეში 543 ბარელს, ჩინეთი მოიხმარს. მეორე ადგილზეა იაპონია (დღეში 341 ათასი ბარელი), შემდეგ –ინდოეთი (328 ათასი ბარელი), სამხრეთ კორეა(244 ათასი ბარელი), თურქეთი(182 ათასი ბარელი), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა(98 ათასი ბარელი), შრილანკა(39 ათასი ბარელი), ტაივანი(33 ათასი ბარელი). ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტ იარნულ ნავთობს იტალია მოიხმარს. ამ ქვეყნის მოხმარება დღეში 183 ათასი ბარელია.
ევროკავშირში მეორე ადგილზეა ესპანეთი(137 ათას ბრელი), შემდეგ – საფრანგეთი(49ათსი ბარელი), ნიდერლანდები (33 ათასი ბარელი), გერმანია (17 ათასი ბარელი) და დიდი ბრიტანეთი (11 ათსი ბარელი).
2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ნავთობმარაგებით პირველ ადგილზე საუდის არაბეთია. ამ ქვეყნის ნავთობმარაგები 263 მილიარდ ბარელს შეადგენს, მეორე ადგილზეა ვენესუელა (211 მილიარდი ბარელი), შემდეგ –კანადა (175 მილიარდი ბარელი). ირანის ნავთობმარაგები, 2011 წლის მონაცემებით, 175 მილიარდი ბარელია. ერაყის მარაგები 115 მილიარდ ბარელს შეადგენს, ქუვეიტის 104 მილიარდ ბარელს, არაბეთის გაერთიანებული ემირატების მარაგი 98 მილიარდი ბარელია. შემდეგ მოდის რუსეთი 60 მილიარდი ბარელი ნავთობმარაგით. ბოლო ადგილებს ინაწილებენ ლიბია (46 მილიარდი ბარელი) და ნიგერია (37 მილიარდი ბარელი).
ირანული ნავთობის ყველაზე მსხვილი შემსყიდველები აზიის ქვეყნები არიან. აშშ იაპონიას სთხოვს, რომ ირანული ნავთობის იმპორტზე უარი თქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფინანასურ ოპერაციებს იმ იაპონურ ბანკებთან შეაჩერებს, რომლებიც ირანთან ფინანსურ ტრანზაქციებში არიან ჩართული. იაპონიაში ნავთობის იმპორტში ირანის წილი 10 პროცენტია. იაპონიისა და ირანის ბანკებს შორის არსებული ფინანსური ურთიერთობები ძირითადად ნავთობს ეხება. იაპონია შიშობს, რომ თუ აშშ ქვეყნის ბანკებთან ფინანსურ ურთიერთობას გაწყვეტს, ეს ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იაპონიამ ირანული ნავთობის იმპორტი 40 პროცენტით შეამცირა. ქვეყანა დღეში 313 ათას ბარელ ირანულ ნავთობს ყიდულობს, 2003 წელს ეს მაჩვენებელი 683 ბარელს შეადგენდა. ამავდროულად, იაპონიას არ შეუძლია მთლიანად უარი თქვას ირანიდან ნავთობის იმპორტზე, რადგან „ფუკუსიმა 1“–ზე მომხდარი აფეთქების შემდეგ ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურების უმეტესობა გაჩერებულია. ირანისთვის იაპონია საჭირო პარტნიორია. ამ ქვეყანას იმპორტის კუთხით მესაემე ადგილი უჭირავს ჩინეთისა და ევროკავშირის ქვეყნების შემდეგ. მასზე ირანული ნავთობის ექსპორტის 14 პროცენტი მოდის.
აშშ და დასავლეთის ქვეყნები ირანს, „მშვიდობიანი ატომის“ პროგრამის ფარგლებში, ატომურ იარაღის დამზადებაში ადანაშაულებენ. თეირანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პროგრამა მხოლოდ ქვეყნაში ელექტროენერგიაზე გაჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისაკენ არის მიმართული.