ახალი ამბები

ძიძიგური: გული მწყდება, რომ კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერი ვერ მოვასწარით

13 ივლისი, 2016 • 1266
ძიძიგური: გული მწყდება, რომ კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერი ვერ მოვასწარით

საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ მართალია, ამ მოწვევის პარლამენტმა ვერ მოასწრო კონსტიტუციაში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ურთიერთობა, მაგრამ ამას მომავალი პარლამენტი “აუცილებლად გააკეთებს”:

“გული მწყდება, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება ვერ მოვასწარით, რომ ქალის და კაცის ურთიერთობაა ქორწინება. მე, როგორც კონსერვატორს, ცალსახად მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი დაზღვევა საქართველოსთვის და ასეთი ტიპის დაზღვევა ვერ გავაკეთეთ კონსტიტუციაში იმიტომ, რომ პარტიამ, რომელიც ჩვენს ოპონენტ პარტიად ითვლებოდა ამ ოთხი წლის განმავლობაში, არც უარი თქვა, არც ჰო თქვა და ერთი რაც გააკეთა, ბოიკოტირება დაიწყო სხდომების და საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოგროვდა იმისათვის, რომ ეს საკითხი გაგვეტანა ჩვენ კენჭისყრაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე დარწმუნებული ვარ, შემდეგი პარლამენტი ამას აუცილებლად გააკეთებს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში “მთავარი თამარ ჩიქოვანთან”.

შეგახსენებთ, რომ ზვიად ძიძიგურის პარტია კონსერვატორები კვლავაც ქართულ ოცნებასთან ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ოღონდ არა კოალიციურ რეჟიმში, არამედ მათი წარმომადგენლები იქნებიან ოცნების საარჩევნო კანდიდატებად წარმოდგენილი როგორც სიაში, ისე მაჟორიტარულ ოლქებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი