ახალი ამბები

ხათუნა სამნიძე: გიგლა აგულაშვილმა შეცდომა დაუშვა

12 ივლისი, 2016 • 2562
ხათუნა სამნიძე: გიგლა აგულაშვილმა შეცდომა დაუშვა

“მე ვფიქრობ, რომ თქვენ თავად მოისმენთ გიგლასგან კომენტარს. ის განმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება არის შეცდომა. საარჩევნო კამპანიაში შევდივართ ყველა რესპუბლიკელი ერთად და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გიგლამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,” – ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე გარემოს დაცვის მინისტრის, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის, გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით. აგულაშვილი “ქართულ ოცნებას” შეუერთდა და შეინარჩუნა მინისტრის პოსტი.

პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გიგლა აგულაშვილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება. მათ შესთავაზეს კოალიცია “ქართულ ოცნებას”, რომ სამივე რესპუბლიკელ მინისტრი დარჩენილიყო თავის პოზიციაზე, თუმცა ამაზე უარი მიიღეს.

“ჩვენ შეგვეძლო საარჩევნო კამპანიაში მოგვეკლო იგივე თინა ხიდაშელი, რომელიც მნიშვნელოვანი ძალა პარტიისათვის, ასევე სხვა მინისტრებიც. მაგრამ ერთპარტიული მთავრობა მინდაო, ეს ნათქვამი აქვთ. ევროპული პოლიტიკის კეთების სტილი რესპუბლიკელებისათვის არის ჩვეულებრივი, “ქართული ოცნებისთვის” აღმოჩნდა დაუძლეველი სიმაღლე,” – აცხადებს ბერძენიშვილი.

საარჩევნო სიასთან დაკავშირებით სამნიძე ამ ეტაპზე კონსულტაციების გავლას გეგმავს პარტიის ყოფილ თავმჯდომარეებთან. სამნიძის განცხადებით, რესპუბლიკელების საარჩევნო სიაში იქნებიან “სამივე თაობის რესპუბლიკელები”. კონკრეტულად ვინ იქნება სიაში და ვინ გახდება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ამას პარტია უახლოეს მომავალში გაახმაურებს.

რაც შეეხება პარტიის შანსებს არჩევნებში, სამნიძე აცხადებს, რომ პარტიაში მოლოდინი დიდია, რადგან დღეს საქართველოში არსებობს ამომრჩეველთა დიდი რაოდენობა, რომელსაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია, თუ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. ამიტომ წინასწარ იმისი განსაზღვრა, ეყოლება თუ არა რესპუბლიკურ პარტიას მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა, ჯერ ადრეა.

გიგლა აგულაშვილი “რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს და გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი