ახალი ამბები

“არასამთავრობოს არ შეუძლია, არჩევნებზე სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს”

16 თებერვალი, 2012 • • 1296
“არასამთავრობოს არ შეუძლია, არჩევნებზე სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს”

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ორ საკითხს გამოყოფს, რის გამოც ის დაუშვებლად მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის სარჩელის მიღებას არჩევნების მაისში ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, ვისაც შეუძლია მიმართოს აღნიშნული ტიპის შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ წრეში კი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, მოქალაქეები არ შედიან.

კერძოდ, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 36-ე მუხლზე, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციორობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.

“ამ მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არჩენების საკითხზე ფიზიკურ პირს, მოქალაქეს ან არასამთავრობო ორგანიზაციას არ შეუძლია,” – აღნიშნავს “ნეტაზეთთან” საუბარში გიორგი მშვენიერაძე და იქვე აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს შეუძლია მიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი ის მიიჩნევს, რომ კანონით, კანონქვემდებარე აქტით ირღვევა მისი კონსტიტუციის მე–2 თავით აღიარებული უფლება და თავისუფლება.

იურისტი მეორე საკითხსაც გამოყოფს და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური ნორმის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას ვერ შეაფასებს და მას მხოლოდ  შეუძლია კონსტიტუციის ქვემოთ მდგომი აქტების კონსტიტუციურობის შეფასება.

“მეორე საკითხია, რამდენად შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს, შეაფასოს კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობა. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2013 წელს უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო 2012 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერში – საპარლამენტო არჩევნები. თარიღები კონსტიტუციაშია უკვე ნახსენები. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის ერთი ნორმა, რომელიც ადგენს ზოგად ვადას, ოთხწლიანს ან ხუთწლიანს, გარკვეულწილად კოლიზიურია თითქოსდა ამ თარიღებთან მიმართებაში. ესეც საკითხია, რამდენად განიხილავს სასამართლო ასეთი ტიპის ურთიერწინააღმდეგობას და დადებს დასკვნას, რომ კონსტიტუციის ერთი მუხლი ეწინააღმდეგება მეორეს და ამიტომ აუქმებს მას. ეს წარმოუდგენელია, ჩემი აზრით. სასამართლო ვერ შეაფასებს კონსტიტუციის ერთი დებულების მეორე დებულებასთან კონსტიტუციურობას. მას არ შეუძლია კონსტიტუციური დებულებიდან აარჩიოს, რომელია სწორი და მართებული. მას მხოლოდ შეუძლია კონსტიტუციის ქვემოთ მდგომი აქტების კონსტიტუციურობა შეაფასოს,“ – აღნიშნავს მშვენიერაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებას მოითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის თქმით, ამ მოთხოვნით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, თუმცა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯერ არ შესულა.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, თუმცა მიხეილ დევდარიანს მიაჩნია, რომ ამით კონსტიტუციით დადგენილი ვადები ირღვევა, კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში, მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის.

“ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” ხელმძღვანელის თქმით, მისმა ორგანიზაციამ ვადების დაზუსტების მოთხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა, თუმცა მხოლოდ ზეპირი ფორმით, სიტყვიერად, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. ამჟამად კი კანონიერი ვადების დადგენას ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეეცდება.

“ჩვენ ვასაჩივრებთ ხელისუფლების თვითნებურ გადაწყვეტილებას, რომლითაც გაიხანგრძლივეს ვადა”, – აცხადებს დევდარიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი