ახალი ამბები

პრემიერი: კერის ვიზიტი ხელშესახები შედეგებით დასრულდა

7 ივლისი, 2016 • 962
პრემიერი: კერის ვიზიტი ხელშესახები შედეგებით დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 7 ივნისს მთავრობის სხდომა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის კონკრეტულ შედეგებზე საუბრით დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჯონ კერის ვიზიტს უკვე აქვს ხელშესახები შედეგები, რაც ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის, ჯონ კერის ვიზიტი არის დადასტურება საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია, რომ ის შედგა ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის. ვიზიტის შედეგები არის ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმები. ხელი მოეწერა მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ქმნის პარტნიორობის ახალ ჩარჩოს ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეს არის ასევე მემორანდუმი საგანმანათლებლო თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას. მათ ექნებათ საშუალება აშშ-ში მიიღონ განათლება.

ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრამა „ზრდა“, რომელსაც USAID დააფინანსებს. ის ფოკუსირებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრობიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, 2 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე 11 000 ოჯახს შეეხება ეს პროგრამა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას!“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 6-7 ივლისს იმყოფებოდა. საქართველოდან ის უკრაინაში გაემგზავრა, რომლის შემდეგაც  ვარშავას ეწვევა, სადაც ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი