ახალი ამბები

უსუფაშვილი: კერისთან შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალ პოლიტიკურ გარემოში

7 ივლისი, 2016 • 1079
უსუფაშვილი: კერისთან შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალ პოლიტიკურ გარემოში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის სახელმწიფო მინისტრ ჯონ კერისთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რა საკითხები იყო ამ შეხვედრაზე განხილული:

“მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ვარშავის სამიტის წინ, ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმის, რომ საქართველო და აშშ ვაღრმავებთ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვისაუბრეთ იმ დოკუმენტებზე, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, მოგვცემს საშუალებას უკეთ ჩავერთოთ საერთაშირისო პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენთვის, საქართველოსთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის მხარდაჭერას ბევრი სხვა მიმართულებით- ეკონომიკის აღორძინების მიმართულებით, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. შევთანხმდით იმაზე და ეს ძალიან მარტივი იყო შესათანხმებლად, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში უნდა შედგეს თავისუფალი პოლიტიკური გარემოს პირობებში და ამას აშშ-იდან მიექცევა სათანადო ყურადღება, როგორც ყოველთვის იყო ეს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეკითხვაზე, იყო თუ არა საუბარი საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე, უსუფაშვილმა განაცხადა: “რაიმე კონკრეტული საკითხი, კონკრეტული თემა სტუმარს ჩემთან არ წამოუჭრია და არ განგვიხილავს”.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 6-7 ივლისს, მან დღეს საქართველო უკვე დატოვა და გაემგზავრა უკრაინაში, ხოლო შემდეგ ვარშავას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს სამიტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი