ახალი ამბები

ალასანია: კერი იმედოვნებს, რომ შეხვედრები მთავრობასთან მედიის თავისუფლების საკითხზეც აისახება

7 ივლისი, 2016 • 1367
ალასანია: კერი იმედოვნებს, რომ შეხვედრები მთავრობასთან მედიის თავისუფლების საკითხზეც აისახება

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ჯონ კერი საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე ზუსტ ინფორმაციას ფლობს და იმედოვნებს, რომ მის მიერ გამართულ შეხვედრები საქართველოს მთავრობასთან პოზიტიურად აისახება  მედიის დამოუკიდებლობის საკითხზე.

“ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირა, რომ აშშ იქნება მედიის მხარდამჭერი და მას აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ვითარებაშია დღეს ქართული მედია და დიდი იმედი აქვს, რომ ის შეხვედრები, რაც ჩაატარა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამ მიმართულებითაც პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს.

მისგან იყო ერთადერთი ნათელი გზავნილი ხელისუფლების მისამართით, რომ მედია უნდა იყოს სრულად უზრუნველყოფილი და შეღწევა ყველა პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს თანაბარი,” – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

ვიქტორ დოლიძის თქმით, დისკუსია ასევე შეეხო მათი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონოპროექტს საარჩევნო პარტიების ქცევის კოდექსთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა.

“ის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა იყოს პასუხისმგებელი სამართლიანი, სწორი, ევროპული არჩევნების ჩატარებაზე, აქ ორი აზრი არ არის, პირველ რიგში აქ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. სწორედ ის წერია საარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებულ ქცევის კოდექსში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, “თავისუფალმა დემოკრატებმა”, რაც სახელმწიფო მდივნის მიერ დადებითად იქნა აღქმული,” – განაცხადა დოლიძემ

შეხვედრა ჯონ კერიმ “თავისუფალი დემოკრატებისა” და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან დღეს გამართა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, სამომავლო არჩევნებისა და მედიის თავისუფლების შესახებ საკითხებზე ისაუბრეს.

შეერთებული შტატების დელეგაციამ საქართველო უკვე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი