ახალი ამბები

აშშ-საქართველოს მემორანდუმის დეტალები

7 ივლისი, 2016 • 1896
აშშ-საქართველოს მემორანდუმის დეტალები

თავდაცვითი პოტენციალის გაზრდა, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, ინფორმაციის გაზიარება – ეს არის თანამშრომლობის სამი ძირითადი სფერო, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ს შორის დადებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივ მემორანდუმს ხელი 6 ივლისს თბილისში საქართველოს მხრიდან გიორგი კვირიკაშვილმა, ხოლო აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოაწერეს.

მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე სპიკერის ოფისმა გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის თანახმად, აშშ-სა და საქართველოს სურთ, რომ ჩამოაყალიბონ საერთო ხედვა სტრატეგიული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე, სადაც აქცენტი გაკეთდება სამ სფეროზე :

თავდაცვისუნარიანობის ამაღლება

თანამშრომლობა საქართველოსთან, რათა გაძლიერდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა. აშშ მზად არის, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის პოტენციალის გასაზრდელად, რაც მოიცავს სამხედრო ძალების მხარდაჭერასა და მზადყოფნის გაუმჯობესებას, რათა მათ არა მარტო საკუთარი თავის დაცვა, არამედ სხვების დაცვაში წვლილის შეტანაც შეძლონ.  აშშ და საქართველო იმუშავებენ ერთობლივად, რათა გაიზარდოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა შემდეგი საშუალებებით:

[checklist]

  • მხარდაჭერა იარაღის შეძენისთვის საჭირო ტექნიკური მონაცემების მოსაპოვებლად და სხვა სერვისებში, რომლებიც გააუმჯობესებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას და მდგრადობას, ასევე, თავდაცვით შესაძლებლობებს.
  • საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის სწავლებისა და სერვისების მიწოდება და ხელშეწყობა, რაც დაეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ მზადყოფნას და თავდაცვითი შესაძლებლობების გრძელვადიან მდგრადობას;
  • განათლება, სწავლება, ოპერაციული და ტექნიკური პერსონალის ურთიერთგაცვლა, რათა გაუმჯობესდეს სამხედრო ეფექტურობა თავდაცვით შესაძლებლობებსა და სპეციალურ ოპერაციებში;
  • მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების განვითარება და განმტკიცება;
  • საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება ექსპერტთა თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ტრენინგებისა და ღონისძიებებების მეშვეობით;
  • თავდაცვის მმართველობაში საუკეთესო პრაქტიკის განხორციელება, რომელიც მოიცავს კანონის უზენაესობას, ბრძანება-კონტროლის მექანიზმსა და დამსახურების მიხევდვით დაწინაურებას.

[/checklist]

 

სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა

[checklist]

სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა: აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშომლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ გამოჩენილ ერთგულებასთან ერთად, ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას და თავსებადობას ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებთან. აშშ და საქართველო გეგმავენ გაზარდონ სამხედრო თანამშრომლობა შემდეგი საშუალებებით:

ერთიანი და კომბინირებული წვრთნების ჩატარება, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და მოწყვლადობის დაძლევა;

საქართველოს მზადყოფნის გაზრდა ორმხრივი და მრავალეროვნული ოპერაციებისა და მისიებისთვის, – ნატოსთან, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად განხორციელებული მისიების ჩათვლით;

თანამშრომლობა მულტინაციონალურ ოპერაციებში იმ შემთხვევებში, როდესაც იარსებებს საქართველოსა და აშშ-ის საერთო ინტერესი;

პოლიტიკურ-სამხედრო ურთიერთგაცვლების ჩატარება და კონსულტაციები აშშ-სა და საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე;

თანამშრომლობა გაძლიერებული სასაზღვრო, საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოებისთვის;

ინფორმაციის გაზიარება

აშშ და საქართველო აცნობიერებენ, რომ ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების, ასევე ტერორიზმისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურია მჭიდრო პარტნიორობითა და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობით. აშშ და საქართველო გეგმავენ, რომ გაზარდონ ინფორმაციის გაცვლა შემდეგი საშუალებით:

შეინარჩუნონ შეთანხმებები, რომლებიც ხელს უწყობს იმ მტრული მოქმედებების ან სპეციფიკური საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, რაც აშშ-ის ან საქართველოს უსაფრთხოების და რეგიონული სტაბილურობის წინააღმდეგ იქნება მიმართული;

ითანამშრომლონ მსგავს საფრთხეებთან დაკავშირებული ანალიზის გაკეთებაში;

ერთობლივად აწარმოონ საფრთხის შეფასების ღონისძებები, რაც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებს, აქტივებს და პერსონალს;

გააუმჯობესონ ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რათა უზრუნველყოფილი იყოს გაცვლილი ინფორმაციის უსაფრთხოება;

ხელი შეუწყონ სტრატეგიულ კომუნიკაციას, რათა უკეთ ებრძოლონ საფრთხეებს, რომელიც რეგიონის სტაბილურობას ემუქრება.

ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო

ჯონ კერი და გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის ადმინისტრაციის ფოტო. 06.07.2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხდა, რომ ეს მემორანდუმი თანამშრომლობისთვის ახალ ჩარჩოს ქმნის და მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ.

“[მემორანდუმი] საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება, რომელიც საქართველოს მისცემს საშუალებას, მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად; ეს ითვალისწინებს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს,”- განაცხადა პრემიერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამავე პრესკონფერენციაზე ჯონ კერიმ ისაუბრა იმის შესახებ, რომ მემორანდუმი გაზრდის საქართველოს თავსებადობას NATO-სთან:

“[მემორანდუმი]  მოიცავს ერთობლივი და კომბინირებული წვრთნების შესაძლებლობას, გამოცდილების გაცვლისა და იმ მიზნით, რომ დაეხმაროს, გაამარტივოს საქართველოს მიერ NATO-სა და შესაბამისი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა; ის მიმართული იქნება საზღვრის დაცვისა და საზღვაო, ასევე საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებაზე ორიენტირებული თანამშრომლობისკენ; გაიზრდება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული წვრთნები და ტრენინგები; ხელს შეუწყობს უსაფრთხოების კუთხით მენეჯმენტის განხორციელებას ამ და სხვა ლოკაციებზე,”- განაცხადა ჯონ კერიმ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი