ახალი ამბები

საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

4 ივლისი, 2016 • 1630
საქართველომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

დღეს, 4 ივლისს, თბილისში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის მე-2 პლენარული სხდომაზე საქართველომ და უკრაინამ არ დაუჭირეს მხარი რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, მათ შორის რუსეთის დელეგაციის წევრებს, შეუზღუდავად ეძლევათ ეუთოს ღონისძიებეში მონაწილეობის მიღების უფლება. 

პარლამენტის ცნობით, პლენარულ სხდომაზე შვეიცარიელმა დელეგატმა, ფილიპო ლომბარდიმ წარმოადგინდა რეზოლუციის პროექტი, რომლის მიხედვითაც, გარანტიას მისცემენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრს, თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა ეუთოს ოფიციალურ ღონისძიებებში და სხვა საპარლამენტო საქმიანობაში ვიზების ან ნებართვის გაცემის გზით, რაც აუცილებელია მათი ქვეყნების ტერიტორიაზე მოხვედრისთვის, როგორც მინიმუმ იმ ვადით, რა პერიოდშიც იმართება აღნიშნული ღონისძიებები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისი სამართლის ნორმებს.

ფილიპო ლომბარდის განცხადებით, ეუთოს საპარლმენტო ასამბლეის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ, აღასრულონ თავიანთი მოვალეობები ორგანიზაციის ორმოცდაჩვიდმეტივე ქვეყანაში და მათთვის შეზღუდვები არ უნდა იყოს დაწესებული.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, პლენარულმა სხდომამ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს. ქართული დელეგაციის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს აღნიშნულ დოკუმენტს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, გია ვოლსკის განმარტებით, რეზოლუციის პროექტში არც ერთი ქვეყანა ნახსენები არ იყო, თუმცა ევროპის საბჭოს მიერ რუსეთის დელეგატების მიმართ დამტკიცებული სანქციების თემა დოკუმეტში იგულისხმებოდა.

„რეალობაში პრინციპზეა საუბარი, რომ ნებისმიერი ქვეყნის საპარლამენტო დელეგატს, რაც არ უნდა პოლიტიკური დაძაბულობა ჰქონდეს მის ქვეყანას მეორე ქვეყანასთან, უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი გადაადგილების და ფორუმებში მონაწილეობის საშუალება.ზოგისთვის ეს დაკავშირებულია საერთო პრინციპთან. უმრავლესობა სწორედ ასეთი დელეგაცია იყო და მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას. ჩვენ, უკრაინასთან ერთად, ბევრ საკითხში ერთ ჯგუფში განვიხილებით და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მართებული იყო, რომ ამ რეზოლუციისთვის მხარი არ დაგვეჭირა. თუმცა საერთო პათოსი ამ რეზოლუციისა გასაგებია და ისიც გასაგებია, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც მოჰყვება მყისიერი გადაწყვეტილებები სხვა დონეზე, თუნდაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი