ახალი ამბები

“ქართული ოცნება” OSCEPA-ს პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერს

3 ივლისი, 2016 • 1471
“ქართული ოცნება” OSCEPA-ს პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერს

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას. პარტიის განცხადებით, გიგი წერეთლის პრეზიდენტად არჩევა ხელს შეუშლის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დამოუკიდებელ მუშაობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

“გიგი წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე და, ბუნებრივია, იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად ეფექტიანად ხელმძღვანელობდა ამ პეროდში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხოლო გიგი წერეთელი ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე.

მიგვაჩნია, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია ის, რომ ენმ-ის ლიდერი თუ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პირები ღიად გამოხატავენ საქართველოში “რევოლუციური სცენარის”, “აჯანყების” თუ სხვა ტიპის უკანონო ქმედებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს. ამ განცხადებებიდან და ოპოზიციის ცალკეული ქმედებებიდან გამომდინარე, ჩნდება განცდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მორაობის” მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაცია უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით,” – აცხადებენ პარტიაში.

“ქართული ოცნების” განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის არჩევამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას:

“ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას ავტორიტარული მმართველობის რამდენიმეწლიანი ისტორია ამძიმებს, მათ შორის წამების, საკუთრების ხელყოფის, შანტაჟის, გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი მედიის ჩახშობის, პოლიტიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რაც შეუთავსებელია ეუთოს ღირებულებებსა და სტანდარტებთან.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გიგი წერეთლის არჩევა ეუთოს საპარლამენტო ასამბლის პრეზიდენტად, უფრო მეტ კითხვას გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე სარგებელს მოუტანს მას. შესაბამისად, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები.” – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1-5 ივლისის ჩათვლით, ეუთოს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტი სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი