ახალი ამბები

უსუფაშვილი: გიგი წერეთლის არჩევასთან დაკავშირებული მოვლენები სამარცხვინოა

4 ივლისი, 2016 • 1300
უსუფაშვილი: გიგი წერეთლის არჩევასთან დაკავშირებული მოვლენები სამარცხვინოა

დავით უსუფაშვილის განცხადებით,  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატის,  გიგი წერეთლის ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთის დელეგაციის მხრიდან მისი კანდიდატურის მხარდაჭერაა, ხოლო ყველაზე დიდი კოზირი- “ქართული ოცნების” წინააღმდეგობა.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არჩევასთან დაკავშირებული მოვლენები   არის სამარცხვინო და   თავისმომჭრელი:

“მე სამარცხვინო ვუწოდე, ეუთოს საპარალმენტოს ასამბლეის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით რაც ხდება, თუმცა შემდგომ კოლეგებმა “ქართული ოცნებიდან” მიმითითეს, რომ არ ვიყავი სწორი. მე ვაღიარებ, რომ  სწორი არ ვიყავი, მართლაც შევცდი, რადგან რაც დრო გავიდა, ვხედავ, რომ ეს მოვლენები არის არა მარტო სამარცხვინო, არამედ თავისმომჭრელი, პოლიტიკური მაზოხიზმის ნიშნების შემცველი და კიდევ ათასი უბედურება. ამიტომ არ მინდა, ამაში ჩავერთო,” – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე  აზრით, ყურადღება გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებზეა გასამახვილებელი. მაგალითისთვის უსუფაშვილი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთოს ასამბლეაზე უპრეცედენტოდ მკვეთრი და მკაფიო რეზოლუციის  წარდგენას ასახელებს:

“მე ყველას მოვუწოდებდი, რომ ამ თემებზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ, ვიდრე ჩვენი შიდა პრობლემები თავს მოვახვიოთ 56 ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენ გვთვლიან ევროპული ოჯახის წვერობისთვის ღირსეულ ქვეყნად და ამ ქვეყნებში მაინცდამაინც არ არის მიღებული შიდაპოლიტიკური პროცესების საერთაშორისო არენაზე გატანა. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელის არჩევაზეა საუბარი. აქ ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელს ხომ არ ვირჩევთ, რომ აპელირება გავაკეთოთ იმაზე, რომ ქართველებისთვის რა იქნება კარგი და ცუდი. აქ ჩვენ ვირჩევთ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ის არგუმენტები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა და კოლეგებს განცხადების სახით შესთავაზა, არის კონტრპროდუქტიული,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ ისინი  სტუმრად იმყოფებიან საქართველოში და ამიტომ მზად არიან, გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ.

თავად გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ რუსეთის დელეგაციის განცხადება ბევრი კონსპირაციის საშუალებას იძლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი