ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სერიოზული დაბრკოლებაა სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრისთვის.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა (ესპანეთი) და მაღალი დონის დელეგაციამ რამდენიმედღიანი ვიზიტი საქართველოში 10 მარტს დაასრულეს.

„ამ დღეებმა განმიმტკიცა შთაბეჭდილება, რომ საქართველოში ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსია. როგორც პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთ, ისინი მუდმივად აქტიურობენ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში. სამწუხაროდ, შოკირებული დავრჩი იმის აღმოჩენით, რომ ისინი არ ურთიერთობენ ერთმანეთთან. მოვუწოდებ ყველა მხარეს კონსტრუქციული ჩართულობისკენ და დაიწყონ პირდაპირი კომუნიკაცია დიალოგის აღსადგენად. ამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, – განაცხადა პერე ჟოან პონსმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით და იმას, რომ შემდეგი არჩევნები ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა ჩატარდეს.

თუმცა მათ აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია კვლავაც იქნება დაბრკოლება ამ მიზნების მისაღწევად და დასძინეს, რომ მომავალში ამომრჩეველი დააფასებს მათ, ვინც ამ მიზნებისკენ კონსტრუქციულად იმოქმედებს.

„აშკარაა, რომ პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას პოტენციალის რეალიზებაში. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. იმავეს მოველით პოლიტიკური ლიდერებისგან აქ, საქართველოში.

კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიტყვი, როგორც ოქტომბერში აღვნიშნე: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა განხორციელდეს საარჩევნო ყუთებისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოების მეშვეობით და არა მათი დამხობისკენ მიმართული ძალადობით“,- განაცხადა ლუის გრასამ, სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში.

„ჩვენი, ეუთო-ს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის აქაური პრობლემების მოგვარება. ეს საქართველოს ხალხისა და ლიდერების პასუხისმგებლობაა და იმედი მაქვს, დავინახავთ პასუხისმგებლიან ნაბიჯებს პოლიტიკური სცენის დეესკალაციისა და რეალურ პოლიტიკურ დიალოგში დაბრუნებისკენ“, — განაცხადა ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.

დელეგაციამ მწუხარებით აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წევრების მცდელობები გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე, სავარაუდოდ, გაამწვავებს დაყოფას და გამოიწვევს შემდგომ იზოლაციას.

„დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყანას სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება. პარტიების ან ჩვეულებრივი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივობის აკრძალვა წინ გადადგმული ნაბიჯი არ არის“, – განაცხადა იევროსიმა პეიოვიჩმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) წუხილზე ახლახან მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და მოუწოდა ხელისუფლებას ხარვეზების აღმოფხვრისკენ.

„პოლიტიკური პროცესები შესაბამის ინსტიტუტებში უნდა მიმდინარეობდეს, ბოიკოტი კი ვერ იქნება დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა“, – განაცხადა იევროსიმა პეიოვიჩმა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა მოითხოვა პოლიტპატიმრებთან და გამოთქვა სინანული, რომ ამჯერად ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზანი იყო დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და მთელ პოლიტიკურ სპექტრს შორის ჩართულობის ხელშეწყობა.

განცხადების თანახმად, ეს ვიზიტი არის საქართველოში მიმდინარე პროცესებში ასამბლეის ჩართულობის ნაწილი, რაც მოიცავს არჩევნებზე დაკვირვებასა და საპარლამენტო თანამშრომლობას. ვიზიტის შედეგები განიხილება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მოახლოებულ სხდომაზე და ჰააგაში დაგეგმილ ყოველწლიურ სესიაზე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

დელეგაცია ასევე ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და შეხვდა იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც დაზარალდნენ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით.

ვიზიტის პირველ დღეს წევრები გაემგზავრნენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ აღნიშნეს, რომ მიმდინარე ოკუპაციის ჰუმანიტარული შედეგები კვლავ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების საგნად რჩება.