ახალი ამბები

წერეთელი: OSCEPA-ში რუსეთის დელეგაციის განცხადება ბევრი კონსპირაციის საშუალებას იძლევა

1 ივლისი, 2016 • 1538
წერეთელი: OSCEPA-ში რუსეთის დელეგაციის განცხადება ბევრი კონსპირაციის საშუალებას იძლევა

“მე ვერ გეტყვით, რა ტაქტიკური სვლაა და ბევრი კონსპირაციის საშუალებას იძლევა ის, თუ რატომ განაცხადეს რუსეთის წარმომადგენლებმა ეს”, – ეს კომენტარი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (oscepa) პრეზიდენტობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა  რუსეთის დელეგაციის მიერ მის მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო გააკეთა.

წერეთლის თქმით, მისთვის ეს აბსოლუტურად მოულოდნელი იყო და შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებს რუსეთის მხრიდან აჟიოტაჟის ასახეტად, თუმცა ენმ-ის წევრის თქმით, მისთვის ყველანაირი პოლიტიკური თამაშები მთავრდება იქ, სადაც მისი ქვეყნის ინტერესები იწყება:

“შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს [რუსეთის დელეგაციის განცხადებას], რომ ეს ღონისძიება საქართველოშია… მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ ნებისმიერი დელეგაცია, ვინც დაუჭერს მხარს გიგი წერეთელს, უნდა იყოს ეუთოს პრინციპების ერთგული. ეს პრინციპებია სწორედ ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, სხვა ტერიტორიების პატივისცემა. ბევრი თემაა, რაზეც ჩვენ რუსეთთან კამათი გვქონია ამ და სხვა დარბაზებში. მე არ მახსოვს, რომ ოდესმე რაიმე მხარდამჭერი განცხადებით გამოვსულიყავი, მაგრამ ზოგადად პოლიტიკაში თუკი ორმხრივია ეს კონსტრუქტივიზმი და ჩვენ ვხედავთ ნაბიჯებს რუსეთიდან, რომ ისინი პოლიტიკის შეცვლას აპირებენ, რა თქმა უნდა,  ჩვენც შესაბამისი ნაბიჯით უნდა ვუპასუხოთ. მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ  ჩვენი ქვეყნის უფრო მეტი ტერიტორიაა ოკუპირებული და მავთულხლართები იბმება, როგორ შეიძლება აქ ვინმემ კონსტრუქციულად უპასუხოს?! აქ ჩვენ ძალიან პრინციპული პოზიცია გვაქვს. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ თუ რუსეთის დელეგაცია, მისი წევრები სხვანაირად ხედავენ დღეს და აპირებენ კონსტრუქციული ნაბიჯების  გადადგმას და უკეთესის შეთავაზებას ამ პროცესისთვის, [უპირვილეს ყოვლისა ეს ჩვენი საქართველოს პრობლემებია], ამ მხრივ მე შემიძლია მათ ველაპარაკო როგორც პოლიტიკოსმა. მაგრამ მე ვამბობ, თუ…”, – ამბობს წერეთელი.

იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთის დელეგაციამ მისი კანდიდატურისათვის მხარდაჭერა გადაიფიქროს:

“შესაძლებელია ეს მოხდეს ასე: ჩვენ ვთქვით, რომ მხარს ვუჭერთ, მან მკვახედ გვიპასუხა და ახლა ჩვენ აღარ ვუჭერთ მხარსო. ამაზე ნუ ავაგებთ პოლიტიკას”, – ამბობს წერეთელი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ლეონიდ სლუცკი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც რუსეთის დელეგაცია გიგი წერეთლისთვის მხარდაჭერას გეგმავს. წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატია ევროპის სახალხო პარტიიდან. ასამბლეის 25-ე სესია, რომლის განმავლობაშიც ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ 1-5 ივლისს თბილისში ტარდება.

“ჩვენ სტუმრად ვიმყოფებით, ამიტომ მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ბატონ წერეთლის კანდიდატურას. ბატონი წერეთელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ბევრად უფრო კონსტრუქციული ადამიანია, ვიდრე მისი კოლეგები. ამიტომ ჩვენ ამას ვუდგებით კონსტრუქციულად და არა ისე მარგინალურად, როგორც ამას ბევრი ელოდება ჩვენგან საქართველოში”, – განუცხადა ჟურნალისტებს სლუცკიმ დღეს, 1 ივლისს, სესიის გახსნამდე.

მისი თქმით, გიგი წერეთელი, როგორც ქართველი პოლიტიკოსი, ყოველთვის დაიცავს საქართველოს ინტერესებს, მაგრამ ახლო მომავალში “რუსეთის და საქართველოს ინტერესები  აღარ იქნება ერთმანეთან ისე მკვეთრად დაპირისპირებული, როგორც ამას ბევრი ანტირუსული ძალა ელის, მათ შორის საქართველოში”.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა უფრო მეტი კონსტრუქტივიზმი და თანხვედრა გვექნება”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი