ახალი ამბები

ახალი კედელი ევროპაში

10 თებერვალი, 2012 • 1318
ახალი კედელი ევროპაში

საბერძნეთის ინიციატივა, თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე არალეგალებისგან დამცავი კედელი აშენდეს, ევროკომისიამ არ მოიწონა.

ხრისტოს პაპუცისმა, საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა, თურქეთ-საბერძნეთის სახმელეთო–სასაზღვრო ბარიერის მშენებლობის შესახებ განცხადება 6 თებერვალს გააკეთა.

საბერძნეთისა და თურქეთის სასაზღვრო ზონაში 2,5 სიმაღლისა და 10 კილომეტრი სიგრძის კედლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და 2012 წლის მარტში დასრულდება.

კედელზე მავთულხლართის ორმაგმა წყებამ და დამონტაჟებულმა სათვალთვალო ვიდეოკამერებმა აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების საბერძნეთში შესვლას და იქიდან მათ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადასვლას ხელი უნდა შეუშალოს.

საბერძნეთის სასაზღვრო სამსახურის მონაცემით, მხოლოდ 2011 წელს თურქეთისა და საბერძნეთის საზღვრის იმ მონაკვეთზე, სადაც ეს კედელი აშენდება, დაახლოებით 55 ათასი არალეგალი დააკავეს.

ევროკავშირის საგარეო საზღვრების ოპერატიული თანამშრომლობის სააგენტოს (Frontex) მონაცემით, არალეგალთა ძირითადი ნაწილი საბერძნეთში ავღანეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან შედის.

კედლის აშენების ინიციატივით საბერძნეთის მთავრობა ჯერ კიდევ 2010 წელს გამოვიდა, თუმცა მაშინ თურქეთმა საბერძნეთის თხოვნა არ გაითვალისწინა. მოლაპარაკებები წარმატებით თურქეთ-საბერძნეთს შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა.

„საბერძნეთი არის სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და, ამავდროულად, საერთაშორისო ვალდებულებებს, თანამეგობრობასა და ევროკავშირს. მათ უნდა იცოდნენ, რომ  საბერძნეთი არ არის დაუცველი ქვეყანა და მისი კარი ყველასთვის ღია არ არის,“-აცხადებს საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრი ხრისტოს პაპუცისი და აქვე აღნიშნავს, რომ საბერძნეთს ძალიან კარგად ესმის ლტოლვილებისა და ემიგრანტების, რომლებიც უკეთესი ცხოვრების საძიებლად ტოვებენ თავიანთ ქვეყნებს.

თურქეთ-საბერძნეთს შორის დამცავი კედლის აღმართვით, ოფიციალური ათენის განცხადებით, საბერძნეთი მკაფიო მესიჯს გაუგზავნის ევროკავშირის ქვეყნებს, რომ მისი გავლით ევროპაში ემიგრანტები ვერ შეაღწევენ.

„მკაფიო მესიჯს ვუგზავნით იმ პირებსაც, რომლებიც ამ საქმიანობით გამდიდრდნენ ფულის საშოვნელად გადახვეწილი ადამიანების ხარჯზე,“-ამბობს პაპუცისი.

საბერძნეთის განცხადების შემდეგ ევროკომისიის წარმომადგენელმა მიგელე ჩერკონმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ კედელი პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„ყოველწლიურად ათობით და ასობით ადამიანი ცდილობს არალეგალური გზებით თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლას, მათგან ნაწილი საბერძნეთშივე რჩება საცხოვრებლად. ამ შემთხვევაში კედელი საბერძნეთს სტრუქტურული რეფორმების განსახორცილებლად ემიგრაციის პრობლების გადაჭრისთვის ვერ დაეხმარება. როგორც ყველა კედელი და წინაღობა, ესეც პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა იქნება,“-აცხადებს ევროკომისიის წარმომადგენელი.

მსოფლიოში არალეგალებისგან დამცავი კედლები უკვე არსებობს. ერთ-ერთი ასეთი კედელი მაროკოს ჩრდილოეთში, სეუტაში, 2001 წელს აშენდა.

სამი მეტრის სიმაღლის მავთულხლართის კედელი მაროკოს სამეფოდან ესპანეთში არალეგალთა გადასვლას ზღუდავს.

არალეგალთა გადასაყვანად მშენებარე ფარული გვირაბი აშშ-სა და მექსიკის საზღვარზეც აღმოაჩინეს. განათებისა და სავენტილაციო სისტემებით აღჭურვილი 2 მეტრის სიმაღლისა და ერთი მეტრის სიგანის გვირაბს შესაბამისმა სამსაუხრებმა ჯერ კიდევ მშენებლობის დასრულებამდე  მიაგნეს.

თურქეთიდან საბერძნეთში შემოვლითი სახმელეთო გზით წლების განმავლობაში ქართველი არალეგალებიც გადადიოდნენ, რა დროსაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა.

თუმცა თურქეთ-საბერძნეთს შორის დამცავი კედლის აშენებას საბერძნეთის მოქალაქეთა ნაწილი მაინც აპროტესტებს.

ხრისტოს პაპუცისის, საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრის, კასტანიაში (ადგილი, რომლის ახლოს კედელი შენდება) ვიზიტის დროს 40-მა მოქალაქემ საპროტესტო აქცია მოაწყო. მათი აზრით, აღნიშნული პროექტი ადამიანის უფლებებს არღვევს. ამავე დროს, დემონსტრანტები ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისის პერიოდში კედლის აშენებაში დახარჯული 3 მილიონი ევრო დიდ ტვირთად დააწვება საბერძნეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი