ახალი ამბები

რეგისტრაციის არქონა, განათლებაზე ხელმიუწვდომლობა და ბოშათა სხვა პრობლემები საქართველოში

4 ივლისი, 2016 • 2143
რეგისტრაციის არქონა, განათლებაზე ხელმიუწვდომლობა და ბოშათა სხვა პრობლემები საქართველოში

საქართველოში მცხოვრებ ბოშებს აქვთ რეგისტრაციის, განათლებისა და სოციალურ პროგრამებზე ხელმიუწვდომლობის პრობლემები, რომელთა მოგვარებას სახელმწიფოს მიერ სპეციალური პოლიტიკის განხორციელებით ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მოელიან.

ელენე პროშიკიანი, ბოშათა თემის წარმომადგენელი და უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის თანამშრომელი, ამბობს, რომ ბოშათა თემი აჭარაში -ქობულეთი, ქვემო ქართლში – სოფელი გაჩიანი, კახეთში – სოფელი ჭოეთი, ფოთში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ცხოვრობს.

ელენეს თქმით, საქართველოში დაახლოებით 2000-2500 ბოშა ცხოვრობს, ისინი დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა მათ ისეთი ბაზისური პრობლემები აქვთ, როგორიცაა მოქალაქეობა, დისკრიმინაციის საკითხები.

პროშიკიანის თქმით, ყველაზე მეტად განათლებაზე ქობულეთში მცხოვრებ ბოშებს მიუწვდებათ ხელი. იქ დაახლოებით 64 ბავში დადის სკოლაში. თუმცა სხვა რეგიონებში დასწრება ძალიან დაბალია. მისი თქმით, მაგალითად, ქვემო ქართლში მცხოვრებ ბოშებს არ აქვთ სკოლა ან საბავშო ბაღი.

რაც შეეხება მათ საცხოვრებელ პირობებს, პროშიკიანის თქმით, ბოშებს ხელი არ მიუწვდებათ ბუნებრივ აირზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე, ვერ სარგებლობენ სოციალური დახმარებით, ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე, რომელიც შეიძლება მათ ეხებოდეს, რადგან არ იციან სახელმწიფო ენა.

ელენე პროშიკიანის თქმით, სახელმწიფო არ არის საკმარისად ჩართული ბოშების პრობლემების მოგვარებაში იმიტომ, რომ ამდენი წლების განმავლობაში ძალიან ცოტა რამე გაუკეთებია ბოშათა თემისთვის. მისი განმარტებით, სახელმწიფო აკეთებს კონკრეტულ პროგრამებს, რომელიც ბოშებსაც ეხება, თუმცა ბოშები ინდენად დახურული ჯგუფია, რომ მათ განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ.

“კარგი იქნება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა გააკეთონ სამუშაო ჯგუფები, ადგილზე გაეცნონ პრობლემებს და ასე შემდეგ”, – ამბობს ელენე პროშიკიანი.

კობა ჩოფლიანის, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორის თქმით,  ბოშების თემს აქვს ძალიან სპეციფიკური მდგომარეობა. მათ ჩაკეტილობას აძლიერებს ისიც, რომ არ იციან ქართული ენა.

კობა ჩოფლიანის აზრით, ბოშებს აქვთ კულტურული იდენტიფიკაციის პრობლემა. თუ ათეულობით წლის წინ არსებობდა ბოშების ანსამბლები, დღეს ამ კუთხით არაფერი ხდება, ამბობს ჩოფლიანი.

სოფლებში მცხოვრებ ბოშებს აქვთ საკარმიდამო ნაკვეთები, თუმცა არ აქვთ ხელშეწყობა, რომ სოფლის მეურნეობაში ჩაერთონ, ამბობს კობა ჩოფლიანი.

კობა ჩოფლიანის თქმით, ერთ-ერთი გამონაკლისია ქობულეთის ბოშები, რომელთა განათლების დონეც შედარებით მაღალია და ისიც, სავარაუდოდ, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ  ერთ-ერთი რელიგიური ჯგუფის მიმდევრები არიან.

კობა ჩოფლიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს სპეციალური ღონისძებები აქამდე არ გაუტარებია.

“სახელმწიფოს აქვს პოზიცია, რომ თუ ვინმე გააკეთებს ამას, დადებითად ხვდებიან”, – ამბობს კობა ჩოფლიანი.

ჩოფლიანი მაგალითად ასახელებს პასპორტიზაციის პრობლემას, რომელსაც ახორციელებდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, რა დროსაც 100-მდე ბოშამ მიიღო პასპორტი. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეობის მიღების გამო ბოშები  სოციალურად უფრო ჩართულნი გახდნენ.

კობა ჩოფლიანის თქმით, სოციალური მიდგომაა საჭირო. ნებისმიერი პრობლემა მისი სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა გადაიჭრას. საჭიროა სპეციალური პროგრამა, რომელიც გაითვალისწინებს იმ თავისებურებებს, რომლებიც მათ აქვთ.

“ერთი და იგივე მიდგომა ბოშებთან და სომხურ და აზერბაიჯანულ ეთნოსთან რაც გვაქვს, არ უნდა გვქონდეს”, – ამბობს კობა ჩოფლიანი.

ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ამბობს, რომ  უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში შეხვედრა დღეს, 4 ივლისს შედგა.

უწყებათაშორისი ჯგუფის მიზანია, რომ გამოიკვლიოს ის პრობლემები, რომლებიც ბოშებსა და სხვა მცირერციხოვან ეთნიკურ უმცირესობებს აწუხებთ.

მინისტრის მოადგილის თქმით, რეგისტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა ბოშებისთვის – ქვეყანაში სულ 604 ბოშაა რეგისტრირებული, რაც მათი საერთო რაოდენობის მესამედია.

ციხელაშვილი ამბობს, რომ  გააგრძელებენ იუსტიციის, განათლების და სხვა სამინისტროებთან თანამშრომლობას, რათა დაჩქარდეს მათი რეგისტრაცია და მოხდეს მათი ჩართულობა საგანამანათლებლო ცხოვრებაში.

ქეთი ციხელაშვილის თქმით, ამ პროცესში სამინისტროს კომპეტენცია იქნება კოორდინირება გაუწიოს  უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი