ახალი ამბები

საავადმყოფოს თოვლის გამო ტრავმირებულები კვლავ მიმართავენ

12 თებერვალი, 2012 • 1367
საავადმყოფოს თოვლის გამო ტრავმირებულები კვლავ მიმართავენ

როგორც თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში განაცხადეს, თავდაპირველად დაზარალებულთა მომსახურება სამი დღის მანძილზე დაევალათ, თუმცა პაციენტთა სიმრავლის გამო, მერიის ბრძანებით, პაციენტთა უფასოდ მომსახურება გრძელდება.

ზარების მიღებას აგრძელებს მერიის ცხელი ხაზიც.

თბილისის მერის ინიციატივით, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თოვლიანი ამინდის გამო დაზარალდა და დაზღვევა არ აქვს, მკურნალობის ხარჯებს მერია უნაზღაურებს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ნებისმიერი დაზარალებული ჯერ ცხელ ხაზზე 272 22 22 უნდა დაფიქსირდეს, რის შემდეგაც დაზარალებულთა რაოდენობისა და პრობლემების მიხედვით მერი სარეზერვო ფონდიდან საჭირო თანხას გამოყოფს:

“თუმცა იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტმა დარეგისტრირება ვერ მოახერხა, მათი მკურნალობის ხარჯები საავადმყოფოს მონაცემების მიხედვით ანაზღაურდება”, – განაცხადეს მერიის პრესსამსახურში.

როგორც თბილისის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ამბობენ, ბოლო დღეებში ამ მიზეზით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდა:

“მარტო გუშინ დაახლოებით 37–38 ავადმყოფი გვყავდა, რომლებიც ამბულატორიულად გატარდნენ, 3 მათგანი კი უფრო ხანგრძლივად მოვათავსეთ საავადმყოფოში. ძირითადად ზედა და ქვედა კიდურების მოტეხილობით მოგვმართავენ, თუმცა არიან მწვავე პაციენტებიც, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებათ”, – განაცხადა ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ექიმმა გია ღუდუშაურმა.

გია ღუდუშაურის თქმით, მსუბუქი მოტეხილობის დროს პაციენტს ექიმის მომსახურება, რენტგენი, თაბაშირი და ყველა საჭირო პროცედურა დაახლოებით 45 ლარი უჯდება. იმ შემთხვევაში, თუ მოტეხილობა შედარებით რთულია და გაუტკივარებასაც ითხოვს, თანხა 70 ლარამდე იზრდება, ხოლო ქირურგიული ჩარევა, ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, გაცილებით ძვირი ღირს.

მწვავე დაზიანებით მიიყვანეს კლინიკაში ერთ-ერთი დაზარალებული ალა დოლიძე, მას მარცხენა მხრის მოტეხილობა აქვს და ოპერაცის გაკეთება ესაჭიროება, რომლის ხარჯებსაც მერია ფარავს. ოპერაცია დაახლოებით 2000 ლარი ჯდება.

“თუკი პაციენტი მოდის და გვეუბნება, რომ თოვლის გამო მიიღო დაზიანება, ჩვენ მას უფასოდ ვუწევთ ყველანაირ დახმარებას, ასევე მოხდა დოლიძის შემთხვევაში. საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პაციენტი თბილისში უნდა იყოს რეგისტრირებული. ამის შესახებ ბრძანება მერიისგან მივიღეთ და გადარიცხვას საავადმყოფო პირდაპირ მერიასთან აგვარებს”, – აცხადებს ექიმი მურაზ კილაძე.

მორიგე ექიმის განცხადებით, ბოლო კვირაში საკმაოდ ბევრი, როგორც გეგმიური, ასევე წმვავე, ოპერაცია ჩატარდა, ვინაიდან ოპერაციის თანხა წინასწარაა გადასახდელი, იმ ადამიანებს, ვინც უამინდობის გამო მერის ინიციატივამდე დაზარალდა, თანხის გაღება თავად მოუხდათ. როგორც მერიაში აცხადებენ, ასეთ პაციენტებს თანხა, სავარაუდოდ, არ აუნაზღაურდებათ.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეწყდება ცხელ ხაზზე დაზარალებულთა რეგისტრაცია, ვერ სახელდება.

თბილისის მერიას პაციენტთა დასახმარებლად გარკვეული თანხა გამოყოფილი არ აქვს, მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თანხა მას შემდეგ გამოიყოფა, რაც ყველა დაზარალებულის მკურნალობის ხარჯები დაითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი