ახალი ამბები

აშშ: საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით პოზიცია გაიუმჯობესა

30 ივნისი, 2016 • 1691
აშშ: საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით პოზიცია გაიუმჯობესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით პოზიცია გაიუმჯობესა და მეორე კალათიდან პირველში გადაინაცვლა.

საქარველომ პირველიდან მეორე ჯგუფში 2013 წელს გადაინაცვლა, როდესაც პოზიცია გაიუარესა. მეორე კალათში საქართველო 2015 წლის ჩათვლით იყო, 2016-ში კი პოზიცია გაიუმჯობესა.

“საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტებს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მთავრობამ გააფართოვა ტრეფიკინგთან ბრძოლა, როდესაც გამოყო ფინანსები და ტრენინგები ჩაუტარა პოლიციელებს, პროკურორებს, მოსამართლეებსა და თავშესაფრების ოპერატორებს,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, საუბარია იმის შესახებაც, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ისეთი მიდგომა, რომელიც უფრო მეტად მსხვერპლზეა ორიენტირებული, ასევე გაუმჯობესდა მსხვერპლზე ზრუნვის მექანიზმებიც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად არის აღნიშნული ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებამ შექმნა შრომის ინსპექცია და დაიქირავა 50 შრომის ინსპექტორი.

“ჩვენ მეორე კალათიდან პირველ კალათში გადავინაცვლეთ. ეს არის ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, ეს არის ჩვენი სოციალური მუშაკების და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ფონდის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს და სხვა არაერთი უწყების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგი. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს და მოგილოცოთ ის, რომ ამ ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლაში, ბოლო სამი წლის მანძილზე, მთავრობამ განახორციელა თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკა,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანი განმარტავს, რომ ანგარიშის მიხედვით, პოზიტიურად შეგვიფასეს მიგრაციის კანონი. მისივე სიტყვებით, გეგმაში ქუჩაში მომუშავე ბავშვების პრობლემის მოგვარებაა:

“დადებითად შეგვიფასეს ახლახან მიღებული კანონი მიუსაფარ ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა კანონს იმპლემენტაცია სჭირდება და ჩვენ გადავდივართ იმ უბედურებასთან ბრძოლაზე, რასაც ჰქვია ბავშვები ქუჩაში,”- აცხადებს თეა წულუკიანი.

თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარი არის იმ რეკომენდაციაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლევას აძლევენ. კერძოდ, ანგარიშის ავტორები საქართველოს მოუწოდებენ, გააძლიერონ მუშაობა ტრეფიკინგის მსხვერპლების ამოსაცნობად, ასევე, ტრეფიკინგის დანაშაულში ჩართულთა გამოსავლენად და დანაშაულთა გამოსაძიებლად ჩაატარონ მრავალმხრივი კვლევები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის შესასწავლად და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი