ახალი ამბები

რას ნიშნავს “ბრექსიტი” საქართველოსთვის

30 ივნისი, 2016 •
რას ნიშნავს “ბრექსიტი” საქართველოსთვის

დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ტიფანი სედლერი ეხმაურება 23 ივნისს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის მეშვეობით ბრიტანეთის მოქალაქეების უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

“საქართველოში ბევრმა ჩვენმა მეგობარმა და კოლეგამ გვკითხა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს მათთვის”, – აცხადებს სედლერი და იქვე აყალიბებს ამ შეკითხვაზე პასუხებს:

  • დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგომას. ჩვენ ვრჩებით საქართველოს ერთგულნი, საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით და რეგიონში დემოკრატიის მოდელია. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას და მხოლოდ ამ წელს ვგეგმავთ 4 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას “კარგი მმართველობის ფონდიდად” (GGF), მათ შორის საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს მხარდასაჭერადაც;
  • შემოდგომაზე, უორდროპის დიალოგის მორიგი რაუნდის ფარგლებში, კიდევ ერთი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართება ბრიტანელ და ქართველ პოლიტიკოსებს შორის. უორდროპის დიალოგს სახელი ოლივერ უორდროპის გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში უმაღლესი წარმომადგენლის საპატივცემულოდ ქვია;
  • ისინი ვინც საქართველოში წუხს იმის გამო, რომ მათი სამუშაო ან ბიზნესი შეიძლება რეფერენდუმის გამო დაზარალდეს, შეგვიძლია დავარწმუნოთ, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ფუნდამენტალურად ძლიერია და ბრიტანეთის ინტერესი, საქართველოსთან საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობები აწარმოოს, არ შეცვლილა. დიდი ბრიტანეთი საქართველოში სიდიდით მესამე ინვესტორია და, შესაბამისად, ათასობით სამუშაო ადგილის შემქნელი. ჩვენ ვართ მოწინავე სავაჭრო სახელმწიფო და ჩვენი მეცნიერული თუ საინჟინრო მიღწევები, ხელოვნება და კრეატიულობა მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ამ კვირაში კატეგორიულად განაცხადა, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა “ღია რჩება ბიზნესისთვის”;
  • მათთვის, ვინც ბრიტანეთში გამგზავრებას ფიქრობს, მაგალითად, სასწავლებლად, ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მასპინძლობას. გასულ წელს ათასობით ქართველი ეწვია დიდ ბრიტანეთს. თორმეტი მათგანი -დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ჩივნინგის სასწავლო სქემით. ამავდროულად, 70 000-ზე მეტმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების, ინგლისური ენის, უმაღლესი განათლებისა და სხვა პროგრამებში. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა ბრიტანეთის საბჭოს ციფრული სერვისები. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა ეს მიმართულება გაგრძელდება;
  • ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. 2015-2016 წლებში კავკასიის კონფლიქტების, სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონდიდან (CSSF) ჩვენ დავაფინანსეთ 34 პროექტი საერთო ღირებულებით 3 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი, რომელთა ძირითადი ფოკუსი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაა.
  • გაერთიანებულ სამეფოში წინა კვირას ჩატარებული რეფერენდუმი დემოკრატიის გიგანტური სწავლება იყო – შესაძლებელია, ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდიც. 33 მილიონ ადამიანზე მეტმა დააფიქსირა თავისი სათქმელი – ინგლისიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან და გიბრალტარიდან. საქართველოც ემზადება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი სურვილის მხარდაჭერას, ჩაატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
  • ჩვენ კი დიდი ბრიტანეთის საელჩოში გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ორი ქვეყნის შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, იმის მტკიცე გაცნობიერებით, რომ ბრიტანეთი არის პატივსაცემი სახელმწიფო მის საზღვრებს გარეთ, ტოლერანტული სახლში და მუდმივ კავშირში დანარჩენ მსოფლიოსთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი