ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე: საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატოს და არც რუსეთის ჯარი

30 ივნისი, 2016 • 2918
ნინო ბურჯანაძე: საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატოს და არც რუსეთის ჯარი

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის “უბლოკო სტატუსის” მინიჭების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. ის მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-7 თავს, რომელიც სახელმწიფოს თავდაცვას ეხება, ახალი მუხლი უნდა დაემატოს.

“საქართველოს კონსტიტუციის მე-7 თავს უნდა დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო გამოაცხადებს უბლოკო სტატუსს. საქართველო უარს იტყვს ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, იქნება ეს ნატო თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ორგანიზაცია. საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არც ერთი უცხო სახელმწიფოს ან არც ერთი სამხედრო ორგანიზაციის ჯარი. საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატოს და არც რუსეთის ჯარი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 30 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, საქართველო არ შეიძლება დარჩეს “ორ სუპერსახელმწიფოს შორის დაპირისპირების პოლიგონად და ექსპერიმენტების ადგილად. არ შიძლება ჩვენი ქვეყნის ინტერესები ეწირებოდეს რომელიმე ქვეყნის ინტერესებს, სადაც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა განლაგებული – ახლოს თუ შორს”, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, სწორედ უბლოკო სტატუსი იქნება ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და აღორძინების გარანტი: “ეს იქნება მშვიდობისა და თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის საფუძველი და, რაც უმნიშველოვანესი, სასიცოცხლო და პრინციპულია ჩვენი ქვეყნისათვის, ეს ინიციატივა და მისი განხორციელების შედეგად მიღებული უბლოკო სტატუსი იქნება უმთავრესი პირობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების”, – განაცხადა ბურჯანაძემ. მან განმარტა: “როცა ვლაპარაკობ საქართველოზე, ბუნებრივია, ვგულისხმობ ერთიან საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით”.

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერის რწმენით, კონსტიტუციაში “უბლოკო სტატუსის” შესახებ ჩანაწერის დამატების მოთხოვნა არის გამბედავი და პრინციპული გადაწყვეტილება. “ამის [ამ ინიციატივის] გამო, ვიცი, რომ ბევრი ტალახი იქნება ჩვენი მიმართულებით გამოსროლილი, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია არც ცილისწამების, არც ტალახის. ჩვენ ვერავინ დაგვაშინებს იმიტომ, რომ ვიცით, ვმოქმედებთ იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი სამშობლოს, საქართველოს უმთავრესი ინტერესები ჰქვია’, – თქვა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძე ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს აშშ-ისა და ნატოს ინტერესებიდან გამომდინარე და ამბობს, რომ “დროა, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს ძალა, რომელიც უპირველესად დააყენებს სწორედ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს” და აქედან გამომდინარე იმოქმედებს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ, პარტიის მთავარ საბჭოსთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. “მოვუწოდებ საზოგადოებას, გაეცნონ ჩვენს ინიციატივას, კარგად დაფიქრდნენ, დაგვიჭირონ მხარი როგორც ხელმოწერების შეგროვებაში, ასევე საპარლამენტო არჩევნების დღეს. იმედი მაქვს, ყველა მოვა არჩევნებზე იმიტომ, რომ ეს არჩევანი განაპირობებს ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს”, – აცხადებს ბურჯანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი