ახალი ამბები

ორენოვანი სახელმძღვანელო – ბარიერი ხარისხიანი განათლების მიღების გზაზე

30 ივნისი, 2016 • 2980
ორენოვანი სახელმძღვანელო  – ბარიერი ხარისხიანი განათლების მიღების გზაზე

„მიხაროდა, რომ  საცხოვრებლად საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში,  სწავლას ისევ  მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე გავაგრძელებდი. სამწუხაროდ, იმედი  გამიცრუვდა,“ – ამბობს ნურანა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ აზერბაიჯანულ  სკოლაში სწავლობს. ერთ წელზე მეტია, რაც აზერბაიჯანიდან საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. ნურანას, რომელიც აზერბაიჯანში ფრიადოსანი მოსწავლე  იყო,  საქართველოში  სწავლა გაუჭირდა. მიზეზი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ეთნიკური უმცირესობებისთვის დამტკიცებული ე. წ. ბილინგვური სახელმძღვანელოებია, სადაც  ტექსტის 30%  ქართულ ენაზე ითარგმნება.

„ქართული ენა არ ვიცი და  სახელმძღვანელოების ქართულ ტექსტებს საერთოდ ვერ ვიგებ. აზერბაიჯანულ ტექსტებში ბევრი შეცდომებია. ცუდი თარგმანის გამო  გაკვეთილის  შინაარსს სრულად ვერასოდეს ვიგებ,“ – ამბობს ნურანა.

საქართველოში არსებული აზერბაიჯანული, რუსული და სომხური სკოლებისთვის სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესი 2005 წელს დაიწყო. მას შემდეგ სასკოლო წიგნების თარგმნის  ხარისხი მუდმივი განხილვის თემად იქცა. 2011 წელს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაქართულ სკოლებში ე. წ.  ბილინგვური  სახელმძღვანელოები შემოიღო, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ახლა არაქართული სკოლების სახელმძღვანელოებში ტექსტების 70 პროცენტი ეთნიკური უმცირესობის ენაზეა თარგმნილი, 30 პროცენტი კი სახელმწიფო ენაზე – ქართულადაა შედგენილი.

სოფელ სარვანის სკოლა. სარვანა, საქართველო. 2016 ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

სოფელ სარვანის სკოლა. სარვანა, საქართველო. 2016 ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

საქართველოში ამჟამად 84 აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა, 36 ქართულ სკოლაში კი აზერბაიჯანულენოვანი სექტორი მოქმედებს. მოსწავლეების იმ ნაწილს, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე იღებს განათლებას და ქართული ენა კარგად არ იცის, ორენოვანი სახელმძღვანელოებით სწავლა გაუჭირდა. “გეომეტრიის წიგნში ამოცანები აზერბაიჯანულ ენაზეა  დაწერილი, ახსნა კი  – ქართულად. მასწავლებელი ქართულ ენაზე დაწერილ ნაწილს ვერ გვიხსნის, რადგან ქართული არ იცის. გაკვეთილს ვერ ვიგებთ, მაგრამ  შემდეგ გაკვეთილზე მაინც გადავდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ  საგანს სრულყოფილად ვერ ვისწავლით,“ – ამბობს ნურანა.

მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარის სკოლის დირექტორი, ვაჰიდ ნამაზოვი აცხადებს, რომ ახალმა სახელმძღვანელოებმა მასწავლებლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა:

„სახელმძღვანელოების თარგმანში დაშვებული შეცდომების და ტერმინოლოგიური ცდომილებების შესახებ განათლების სამინისტროს წერილი მივწერეთ.  შენიშვნები გაითვალისწინეს და 2006-2007 სასწავლო წელს სკოლებში ახლად ჩასწორებული სახელმძღვანელოები დაარიგეს.  ბოლო 5 წელში სახელმძღვანელოები ისევ განაახლეს და წიგნების ნაწილი ქართულ ენაზე დაიწერა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. ჩვენმა მასწავლებლებმა ქართული არ იციან.  ამის გამო ამ სახელმძღვანელოებით სწავლის პროცესში  ისინი სირთულეებს აწყდებიან.“

თამარ სარიფოვა, სადახლოს სკოლის მასწავლებელი. ივნისი, 2016. ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

თამარ სარიფოვა, სადახლოს სკოლის მასწავლებელი. ივნისი, 2016. ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოს პირველი სკოლის მასწავლებელი, თამამ სარიფოვი ამბობს, რომ ორენოვანი სახელმძღვანელოების  მეთოდით სწავლა რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების განათლების ხარისხზე უარყოფით გავლენას ახდენს: „ქვემო ქართლში  საშუალო ასაკის  თაობამ ქართული არ იცის. მშობლების დიდ ნაწილს წიგნში არსებული ქართული ტექსტის წაკითხვა არ შეუძლია.  ასეთი მშობლები ბავშვებს ვერ ეხმარებიან.  უნდა ვაღიაროთ, რომ ქართული ენა კარგად არც მასწავლებლებმა იციან. სახელმძღვანელოს  ქართულ ენაზე შედგენილი ნაწილი მოსწავლეებს რომ ავუხსნა, ქართული ენის მასწავლებლის დახმარება მჭირდება. თარგმანიც  ძალიან უხარისხოა. ბევრი ლექსი აზერბაიჯანულიდან ქართულად შეცდომებით  არის თარგმნილი.“

ნარინ აბბასლი , მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში მცხოვრები . ივნისი, 2016, ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

ნარინ აბბასლი , მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში მცხოვრები . ივნისი, 2016, ფოტო: გულნურ ქაზიმოვა

მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში მცხოვრები ნარინ აბბასლი აცხადებს, რომ შვილიშვილებს გაკვეთილების მომზადებაში ვერ ეხმარება: „წიგნის ერთი გვერდის ნახევარი ქართულ ენაზეა დაბეჭდილი, ნახევარი კი –  აზერბაიჯანულად. უმცროსმა შვილიშვილმა, რომელიც  მე-7 კლასში დადის და ქართული ენა კარგად არ იცის, აზერბაიჯანის ისტორიის ქართულ ენაზე დაწერილი ნაწილი როგორ უნდა ისწავლოს? ქართული არც ჩვენ ვიცით კარგად და ბავშვს ვერ ვეხმარებით.“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  უახლოეს მომავალში არაქართული სკოლებისთვის სახელმძღვანელოების მომზადებაზე კონკურსი გამოცხადდება:

„ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული სახელმძღვანელოები 2017-2018 სასწავლო წლისთვის განახლდება. რა თქმა უნდა, თარგმნის საკითხიც  გათვალისწინებული იქნება. სახელმძღვანელოები სრულად გადაითარგმნება ეთნიკური უმცირესობის ენაზე თუ ნაწილობრივ, ეს ჯერჯერობით  გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხზე კომპეტენტური ექსპერტების დასკვნას ველოდებით.“

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ცენტრის თავმჯდომარე, შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ ცენტრის კვლევებმა ეთნიკური უმცირესობებისთვის თარგმნილ სახელმძღვანელოებში მნიშვნელოვანი შეცდომები აღმოაჩინა. ტაბატაძის თქმით, სახელმძღვანელოების ტექსტის თარგმნაში  გამოყენებული 30-70-პროცენტიანი თანაფარდობა არც ერთ სამეცნიერო-მეთოდოლოგიურ მტკიცებულებას და საგანმანათლებლო პრინციპს არ ეფუძნება:

„ორენოვანი სახელმძღვანელოს შემოღების მთავარი მიზანი იყო ის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს ქართული ესწავლათ. თუმცა მოხდა პირიქით: სახელმძღვანელოების ქართული ნაწილი მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების გზაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა. კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო  სახელმძღვანელოების კურიკულუმს და შეფასებას  გადახედავს და ისეთ მექანიზმს შეიმუშავებს, რომ  ორენოვანი სახელმძღვანელოთი სწავლის მეთოდი მართლაც ეფექტური  გახდეს.“

ნურანა ამბობს, რომ უხარისხო სახელმძღვანელოს გამო შარშან სკოლაში ბევრი საკითხი კარგად ვერ ისწავლა. არ უნდა, წელსაც იგივე მოხდეს და სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას კიდევ რამდენიმე წელი დაელოდოს.


სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი